პარასკევი
26.04.2024
00:44
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 18 » დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი: ენა, სარწმუნოება და მონარქია
22:11
დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი: ენა, სარწმუნოება და მონარქია

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

მსურს ჩვენს მცირე სიტყვას წავუმძღვარო წმინდა მამის – თეოდორე სტუდიელისაგან თქმული: „ორი დიდებული ნიჭი მოგვცა უფალმა ღმერთმა ქრისტიანებს – მღვდლობა და მეფობა, რომელთა მიერ იმართება ჩვენი მიწიერი საქმეები ზეციურისდა მიხედვით".

განმარტავს რა ეკლესიის მნათობი იოანე ოქროპირი გამოსვლათა წიგნს, ამბობს: ეგვიპტის მრავალსაუკუნოვანი მონობის შემდეგ, ღვთის უხილავი წინამძღოლობითა და აშკარა ნიშან-სასწაულებით, ისრაელიანები გამოვიდნენ მონობის ქვეყნიდან და ძლევამოსილად მკვიდრდებოდნენ აღთქმის მიწაზე. ერთ-ერთი გადამწყვეტი შეტაკება მათსა და ამალეკს შორის ქორიბის მთის ძირას გაშლილ ველზე გაიმართა. ამ ბრძოლას კი მთის წვერიდან მოსე სჯულისმდებელი და წინასწარმეტყველი გადმოჰყურებდა. ხედავს მოსე, რომ ისრაელიანები იძლევიან ამალეკისაგან, განართხავს ხელებს, რითაც გამოსახავს ნიშს პატიოსანი ჯვრისა, ანუ იწინასწარმეტყველებს ქრისტეს ჯვარცმას და მის მიერ სულიერი ისრაელის დახსნას ცოდვის მონობისაგან.

ალბათ უწყით, რომ ეგვიპტე განასახიერებს ცოდვის ქვეყანას, ფარაონი – სატანას, აღთქმული ქვეყნისაკენ მსვლელობა არის ჩვენი მიწიერი ცხოვრება, რომლის ნამდვილი შინაარსი ქრისტიანისთვის უნდა იყოს ცოდვასთან ჭიდილი, შეურიგებლობა მასთან და საბოლოოდ აღთქმის მიწაზე, ანუ ზეციურ სასუფეველში შესვლა; ხოლო თავად მოსე კი ქრისტე მაცხოვარს განასახიერებს, რომელმაც, ჯვარზე სიკვდილით სიკვდილი დაამარცხა და ზეციური სასუფევლის კარი განგვიხვნა.

ერთი სიტყვით, მოსე ხედავს, რომ ისრაელი იძლევა ამალეკისაგან, განართხავს ჯვარისსახედ ხელებს და აღავლენს უფლისადმი მხურვალე ლოცვებს. მისი ლოცვით, ღვთის უხილავი თანადგომით, ისრაელი კვლავ ძლევას მოისხამს ამალეკზე. ასე განმეორდება რამდენჯერმე. მიხვდება მოსე, რომ ჯვრის ნიშში და ლოცვაშია ძლევის საიდუმლოება, მაგრამ მოსე ადამიანია, უძლურია, ამიტომ არ ძალუძს მთელი დღის განმავლობაში ხელებგანრთხმული იდგეს. ისრაელიანთა ბანაკიდან მოუხმობს ორ ადამიანს – ორსა და აარონს, რომელზედაც იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ამათ – ორმა სამეფო საწყისს ისრაელში, ხოლო აარონმა სამღვდელო საწყისს დაუდო სათავე. აქედან გამომდინარე, ერთგვარ რეზიუმეს აკეთებს წმინდა მამა და ამბობს: – მაშასადამე, ქრისტეს ჯვრის ძალას, ანუ ქრისტიანობის ძალას დედამიწაზე, განამტკიცებს ორი ღვთაებრივი საწყისი: სამღვდელო – აარონული საწყისი და სამეფო საწყისი.

აქედან გამომდინარე, ჩვენი ერი დღეს შეიძლება შევადარო პრომეთეს, ან ფრთამოტეხილ არწივს, რომელსაც ღვთის მადლით აღუდგა ჩვენთა ღირსეულთა წმინდა მამათა მიერ ავტოკეფალია, – ეს ერთი მოტეხილი ფრთა და ღრმად მწამს, რომ აღდგება მისი მეორე ფრთაც, – მონარქია. აქვე ვფიქრობ, უადგილო არ იქნება, მოვიგონოთ ის ისტორიული სინამდვილეც, რაც დაკავშირებულია წმინდა ნინოს ვაზის ჯვართან. თუ თქვენ გულისხმიერად განიხილავთ უძველეს ფრესკებსა და ხატებს, აი, გნებავთ, მაგალითად, სვეტიცხოვლის – დედა ეკლესიის ფრესკას, სადაც წმინდა ნინო ფრთებგაშლილი ვაზის ჯვრით ხელშია გამოხატული და არა დაშვებულით, როგორც რეალურად დღესაა იგი. ასევე, მე-17 საუკუნის შიომღვიმის წმინდა ნინოს ხატს, რომელზედაც ფრთებგაშლილი ვაზის ჯვარია გამოხატული. მრავალი სხვაც შეიძლება მაგალითად მოვიყვანოთ და მოვიგონოთ ისიც, რასაც ისტორიკოსი პლატონ იოსელიანიც ამბობს, თუ როგორ გაიტანეს პირველი ანექსიის წინ საქართველოდან ჯვარი ვაზისა. მთელი 40 წელიწადი ესვენა იგი ეჩმიაძინში, სასომხეთში, საიდანაც წარგზავნეს რუსეთის საიმპერატორო კარზე. ქართველი მორწმუნე საზოგადოებისა და თავად-აზნაურთა დაჟინებული თხოვნით პავლე პირველმა იგი საქართველოში მოაბრუნა – ეს უწმინდესი და უპირველესი რელიქვია მაცხოვრის კვართთან ერთად ივერიის ეკლესიისა. მაგრამ მისი ფრთები დაშვებული იყო. რას ნიშნავს ეს? ამით ღვთისმშობელმა მარიამმა უწინასწარმეტყველა თავის წილხვედრ ქვეყანასა და საზეპურო ერს, რომ საქართველოში დაიკარგებოდა, როგორც აარონული, ისე სამეფო საწყისი. მართლაც, რა მოხდა რეალურად, ქართველობამ, საქართველოს უძველესმა ეკლესიამ, ივერიის ეკლესიამ დაკარგა ავტოკეფალია სჯულის კანონისა და საერო კანონების უხეში დარღვევით რუსეთის მხრიდან და დაკარგა, ასევე, ცხებული მეფობა. მაგრამ აღსდგა რა ჩვენში ავტოკეფალია, რომლის განმტკიცებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის, პირმოთნეობის გარეშე ვიტყვი, მის უწმინდესობას – ილია მეორეს, აწ განსვენებულ კონსტანტინოპოლის პატრიარქ დიმიტრიოსთან ერთად, გამოვხატავ ღრმა რწმენას, როგორც ქართველი მართლმადიდებელი მღვდელი, რომ აღსდგება მეორე ფრთაც ჩვენი სულიერი საწყისისა, ანუ ცხებული მეფობა. მოდით, მოვუსმინოთ წმინდა მამებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სამღვდელო და სამეფო საწყისთა სიმფონიურ, ჰარმონიულ ურთიერთობას. მართლმადიდებლური აზრი საუკუნეების განმავლობაში განავითარებდა სიმფონიის იდეას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მღვდლობისა და მეფობის ჰარმონიული ერთობის იდეას, მიწიერ ცხოვრებაში ღვთიურისა და ადამიანურის შეურევნელობისა და განუყოფლობის პრინციპით, რომელიც ერთგვარად ღვთის განკაცების დოგმატიდან გამომდინარეობდა, რის გამოც ამ პრინციპიდან არასდროს გადაუხვევია. აშკარაა, რომ ნებისმიერ მცდელობას ეკლესიისა და სახელმწიფოს განყოფისა, რაც მოხდა უკვე ორი საუკუნეა, და გრძელდება ჩვენს თვალწინ, უფრო სწორად კი სამღვდელოებისა და ხალხისა, რადგან მეფე არის სინდისი და წარმომადგენელი თავისი ერისა, იგი მანიქეველთა სექტის მდგომარეობაში მოჰყავს, რომელიც საზოგადოებას შუაზე ხლეჩს, რისი მოწმენიც, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ ყველანი ვართ. როგორც იტყვიან, ძველქართული ანდაზური გამოთქმით „ბუზი ბევრი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის". ეს ფუტკარი არის მონარქია, ცხებული მეფობა და ბუზებმა რა მოუტანეს საქართველოს, ძნელი არ არის მივხვდეთ. მეტადრე, რომ ქრისტიანულ საზოგადოებაში ორგვარი ხელისუფლებაა, – ამბობს წმინდა ტიხონ ვორონეჟელი – სამოქალაქო და სასულიერო. სამოქალაქო ხელისუფლება განაგებს გარეგან საქმეებს. აქედან გამომდინარე, ცხებული მეფე, ეკლესიის მამათა მიერ იწოდება ეკლესიის გარე ეპისკოპოსად, ხოლო მღვდელმთავარი, ჩვენს შემთხვევაში კათოლიკოს-პატრიარქი ივერიის ეკლესიისა არის შინაგანი ეპისკოპოსი. მაშ, სამოქალაქო ხელისუფლება განაგებს გარეგან საქმეებს, სასულიერო ხელისუფლება კი თვალყურს ადევნებს იმას, რაც ეხება შინაგან სულიერ მდგომარეობას თითოეული ჩვენთაგანისა. სამოქალაქო მართავს სამოქალაქო კანონებით, სასულიერო – ღვთის სიტყვით და არაკეთილგონიერად (ე.ი. სჯულის დარღვევით) მცხოვრებთ ქრისტიანული საზოგადოებიდან დროებით განყენებით ათვინიერებს. ორივე ხელისუფლების, სამოქალაქოსა და სასულიეროს საბოლოო მიზანი სხვა არა უნდა იყოს რა, თუ არა თავის ქვეშევრდომთა კეთილდღეობა და ღვთის სახელის დიდება. მაშასადამე, ხელისუფლების ამ ორი განშტოების მიზანი და მოქმედებათა ერთიანობა შესაძლებელია განხორციელდეს ქრისტესა და მისი ეკლესიის მიერ და მხოლოდ მის მიერ. ქრისტეს ერთიან ეკლესიას ორი უმთავრესი ფუნქცია აქვს, მათ შორის, ივერიის ეკლესიას: შინაგანი საკრალურ-ევქარისტიული, მიმართული წმიდა ბარძიმისაკენ და გარეგანი, ბოროტებაზე დაფუძნებულ ქვეყანასთან ურთიერთობის განხორციელება, რომელშიც მას ეხმარება, სწორედ, გარეგანი ეპისკოპოსი – ცხებული მეფე. პირველი ამოცანის განსახორციელებლად, ე.ი. შინაგან-საკრალურისა, ეკლესიაში დაწესებულია სამღვდელო დასის იერარქია, ანუ სამღვდელოება, რომელსაც ეპისკოპოსი მეთაურობს, ამ შემთხვევაში კათოლიკოს-პატრიარქი, ანუ, ქრისტესაგან დადგენილი ზედამხედველი. ხოლო მეორე ამოცანის – გარეგანი ურთიერთობების გადასაწყვეტად, ეკლესიაში დაწესებულია საერო იერარქია, ანუ მეფობა. მას ეკლესიის გარეგანი ეპისკოპოსი მეთაურობს, ცხებული ღვთისა და, რა თქმა უნდა, ღვთის თვალში ვერ შეცვლის ვერანაირი, გნებავთ, დემოკრატიულად არჩეული, თუ „დანიშნული" ხელისუფლება. მართლმადიდებელი ხელმწიფენი და პატრიარქები თავისი წოდებით ქრისტეს სხვადასხვა მსახურების სიმბოლიზირებას წარმოადგენენ. მეფე თვითმპყრობელი სახეა ქრისტესი, როგორც მეფის მსახურებისა, ხოლო პატრიარქი ქრისტეს მღვდელმთავრული მსახურების სახეა. თითოეულ მათგანს თავისი ძალაუფლების ფარგლებში უპირატესობა აქვს მეორესთან მიმართებაში, მაგრამ მისტიურად, იდუმალ მეფის საეკლესიო წოდება არ შეიძლება პატრიარქის წოდებაზე მაღლა ან დაბლა იდგეს. ერთ-ერთი ბოლო დროის მღვდელმოწამე პეტროგრადის მიტროპოლიტი ბენიამენი ამბობს: კიდევ შეიძლება, რომ ეკლესიამ, სამღვდელო საწყისმა, იარსებოს სამეფო საწყისის გარეშე, მაგრამ ყოვლად შეუძლებელია, სამეფო საწყისმა გააგრძელოს არსებობა საეკლესიო საწყისის გარეშე. ეს ეხმაურება ჩვენი მაცხოვრის აღთქმასა და სიტყვებსაც, როდესაც სვიმონ მეთევზეს ჭეშმარიტი მრწამსის გამო პეტრე უწოდა, რაც ქართულად, ბერძნულიდან რომ ვთარგმნოთ, კლდეს ნიშნავს. შენა ხარ კლდე, ჭეშმარიტი აღმსარებლობის გამო და ამ კლდეზე ვაფუძნებო ჩემს ეკლესიას, რომელსაც სატანა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან. ამიტომაც ვამბობთ, რომ ერთადერთი თავშესაფარი, თუ შეიძლება ითქვას, წარღვნას გადარჩენილი ნოესეული კიდობანი, რომელიც წინასახეა ქრისტეს ეკლესიისა არის მხოლოდ და მხოლოდ ეკლესია ესე და არ უნდა ვეძებოთ ჩვენ სიკეთე და ფასეულობა იქ, სადაც იგი არ არის, ე.ი. ეკლესიის გარეთ. ეკლესიის გარეთ ადამიანმა შეიძლება ყველაფერი მოიპოვოს, სულიერი თუ ხორციელი, გარდა ერთისა – სულის ცხონებისა, ხოლო სული კი, როგორც ქართველები ვამბობთ, ყველაზე ტკბილია. მაშ, ერთმანეთთან მიმართებაში მეფობასა და პატრიარქობას არ შეიძლება უპირატესობა ან ნაკლებობა, დაბლა დგომა ეკუთვნოდეს. იმდენად, რამდენადაც ერთი ქრისტეს, როგორც მეფის მსახურებას განასახიერებს, მეორე კი მის მღვდელმთავრობას, რამეთუ ქრისტე იესუ არის მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით. და ბოლოს, ძალისაებრ, წმინდა მამებისა და წმინდა წერილის მიხედვით, მიმოვიხილეთ რა ქრისტიანობის ძალა და ჩვენი ცხონების საიდუმლოება, შევუერთდებოდი ქ-ნ ია მუხრანელ-ბაგრატიონის დევიზს, რომელიც რამოდენიმე დღის წინ პრესაში გამოთქვა, და რომელიც, თავის მხრივ, არის ერთგვარი პერიფრაზირება წმინდა ილია მართლის ცნობილი დევიზისა და ვიტყოდი მასთან ერთად და თქვენთან ერთად: ენა, სარწმუნოება და მონარქია! ამინ.

სიტყვა წარმოთქმულია საქართველოს საპატრიარქოში
თავადაზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს მიერ
გამართულ კონფერენციაზე „გზა მონარქიისაკენ"

28 სექტემბერი. 2001 წ.

ნანახია: 945 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz