პარასკევი
29.03.2024
05:37
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 18 » დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი: იგავი ლაზარესა და მდიდარზე
22:08
დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი: იგავი ლაზარესა და მდიდარზე

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა

დღევანდელი ჩვენი ქადაგება, რომელიც გლახაკი ლაზარეს შესახებ იგავის განმარტებას ეხება, მსურს, მივუძღვნა ახლად შესვენებულს, ჩვენთვის საყვარელ მოძღვარს – არქიმანდრიტ გაბრიელს.

მოვედით, კიდევ ერთხელ გრძნობითა და გულისხმიერებით გადავიკითხოთ სახარების დღევანდელი საკითხავი – იგავი სნეული და გლახაკი ლაზარეს შესახებ.

„კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითიდღედ ბრწყინვალედ. გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქუე ძურებოდა" (ლუკა 16.19-20) ამ იგავში ორგვარი ბუნების ადამიანია წარმოჩენილი: უმოწყალო მდიდარი (იგავის კითხვისას, ვფიქრობ, დარწმუნდით, რომ იმდენად სოციალურ ყოფაზე არ არის აქ საუბარი, რამდენადაც ადამიანის ზნეობრივ მხარეზე). და მეორეს მხრივ, – სულიერად გლახაკი (ნეტარ-იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა ) და ღვთის მსასოებელი ლაზარე. მართალია, უფალი ამ იგავით გვასწავლის, თუ რა ელოდება უზრუნველ მდიდარს, მის სულს მომავალ საუკუნო ცხოვრებაში და რა ელოდება მართალს, რომელიც მადლობით ითმენს განსაცდელებს, ავადმყოფობებსა და გაჭივრებას, მაგრამ ყოველივე ამის გარდა ქრისტე იესუსგან ეს ერთგვარი წინასწარი მსჯავრია მისი მჯვარმცმელი ანა მღვდელთმთავრისა და კაიაფასადმი. იგავში ხსენებული მდიდრის ხუთი ძმა, მდიდრისა, რომელმაც ჯოჯოხეთის სატანჯველში აღიხილა თვალნი, გახლავთ ანა მღვდელთმთავრის ხუთი შვილი. კაიაფა იყო ანა მღვდელთმთავრის სიძე. ამ უმოწყალო მდიდრის სახით, ქრისტეს მხედველობაში ჰყავს კაიაფა მღვდელთმთავარი, ვინც უსამართლო მსჯავრი უნდა გამოუტანოს ქრისტეს და ჯვარს აცვას იგი.

ალბათ, შენიშნეთ, რომ მდიდარი უსახელოდ არის ნახსენები, ხოლო გლახაკი – სახელდებით. რაც, ვფიქრობ, შემთხვევითი არ უნდა იყოს. ეკლესიის ერთ-ერთი წმიდა მამის სწავლებით, მდიდარი უსახელოდ იმიტომ არის მოხსენებული, რომ ამით უფალმა გვასწავლოს, როდესაც ჩვენც გვსურს სხვა ადამიანის მანკიერებაზე, ნაკლოვანებაზე ლაპარაკი, ვეცადოთ, მის ღირსებას არ შევეხოთ და სახელი მისი არ მოვიხსენიოთ. რაოდენ თავმდაბლობითა და მასწავლებლობის სულითაც არ უნდა ვლაპარაკობდეთ სხვის უარყოფით მხარეებზე, ძალაუნებურად მაინც განვიკითხავთ. ერთ სიტყვას მეორე მოჰყვება, მეორეს – მესამე და ამასობაში მხილებით დაწყებული მსჯელობა შეიძლება განკითხვის მღელვარებით დამთავრდეს. ამის გამო ჩვენ სხვის ნაკლოვანებაზე არასდროს უნდა ვილაპარაკოთ სახელდებით. როდის შეიძლება ილაპარაკო სხვის უარყოფით მხარეებზე? როდესაც იმ ადამიანის მიმართ, სიყვარული, მისი ხსნის, მოქცევის, გადარჩენის სურვილი გამოძრავებს. ამიტომ წმიდა წერილში აღწერილია არა მარტო დადებითი მაგალითები, არამედ – უარყოფითიც. დადებითმა მაგალითებმა უნდა დაგვაფიქროს, რას მოგვიტანს ღვთის მოსაწონი ცხოვრება საბოლოოდ, როდესაც მარადისობაში გადავალთ, გადაივლის რა წუთისოფელი, ისე როგორც ბოროტი კაცის აღსასრულმა შიში და ზაფრი უნდა მოგვგვაროს, რათა თავი შევიკავოთ ცოდვებისაგან და გული განვიწმინდოთ გულისთქმათაგან.

ცხადია, მდიდარიცა და ლაზარეც ზოგადი სახელია ორგვარი ადამიანისა. ვსაუბრობთ რა მდიდარზე, არ იფიქროთ, მარტოოდენ მიწიერი სიმდიდრე იგულისხმებოდეს, არამედ ტალანტით, რაიმე განსაკუთრებული ნიჭიერებით დაჯილდოვებული ადამიანიც მოიაზრება.

მაშ, რად უწოდა გლახაკს (რომელიც საზოგადო სახეა ყველა მადლობით დამთმენი გლახაკისა და სნეულისა) უფალმა იესუ ქრისტემ „ლაზარე"?

ლაზარე შეკვეცილი ფორმაა ებრაული სახელისა „ელიაზარ", რაც ქართულად ნიშნავს „წყალობა ღვთისა". თუ ჩვენ გულისხმიერად ამოვიკითხავთ იგავს, ვნახავთ, რომ ამ გლახაკ ლაზარეს იმედი ერთი მხოლოდ ღმერთისა ჰქონდა, რომელიც ადამიანთაგან მიგდებული და მიტოვებული, იგავისეულად რომ ვთქვათ „ქუე ძურებოდა".

მეორეს მხრივ, ებრაულად ლაზარე ასე ჟღერს: „ლააზარ", რაც აღნიშნავს ადამიანს, წყალობასა და დახმარებას რომ ითხოვს, და, მართლაც, ითხოვდა მოწყალებას და მხოლოდ ღვთის წყალობის იმედი ჰქონდა.

იესუ თავდაპირველად მდიდარს ახასიათებს: „…იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა" (ლუკა 16.19). მაცხოვარი შემთხვევით არ ახსენებს მისი სიმდიდრისა და მაღალი წარმოშობის განსაკუთრებულ რეგალიებს. მოგეხსენებათ, ამ დროს რომი ბატონობდა იუდეაში. პორფირით, ძოწეულით, მხოლოდ იმპერატორები იმოსებოდნენ. მათ ვის მიმართაც განსაკუთრებული კეთილგანწყობა უნდოდათ ეჩვენებინათ, მეწამულ ტოგას ან პორფირს სჩუქნიდნენ. მხოლოდ მაღალი რანგის მოხელეებსა და დიდგვაროვან არისტოკრატებს ჰქონდათ უფლება ძოწეულით შემოსილიყვნენ. სჩანს, ჩვენგან ხსენებული მდიდარი, ფრიად მდიდარი იყო. ძოწეული, წითელი ფერის შალის ძვირფასი სამოსელი ხმელთაშუა ზღვაში მოპოვებული ნიჟარებისაგან იღებებოდა, რაც ძვირფას საღებავად ითვლებოდა. ამავე ფერის ხელოვნური საღებავიც არსებობდა, მაგრამ, ცხადია, უფრო მდარე.

ბისონი – თეთრი, ბამბის ძვირფასი სამოსელი, შიდა სამოსლად ითვლებოდა. ამ სამოსლითაც განსაკუთრებულად მდიდარი ადამიანები იმოსებოდნენ. ამგვარ ჩაცმულობაში ჩანდა ადამიანის გარდამეტებული მატერიალური სიმდიდრე.

იგავში არსადაა ნახსენები, თუ რაიმე სულიერი მოთხოვნილება ჰქონდა ამ მდიდარს, ან სულიერი სწრაფვა ამაღლებული იდეალებისკენ. ერთი მხოლოდ – ძოწეული, ბისონი და დღითი-დღედ „ბრწყინვალედ" გატარებული დღეები ჭამა-სმაში, საკუთარი პატივმოყვარეობისა და გემოთმოყვარეობის ვნების დასაკმაყოფილებლად. იგულისხმება, რომ მასთან ისინი სტუმრობდნენ, ვინც დითირამბებსაც უმღეროდა, ტაშსაც უკრავდა, სახელის უკვდავ-ყოფას პირდებოდა. ქრისტემ ამად მოიხსენა იგავში მდიდარი, რომ საუკუნო სიბნელესა და დავიწყებაში წარეგზავნა.

როგორი იყო გლახაკი ლაზარე იერით, მოთხოვნილებებით? „გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე" (ლუკა 16.20), ღვთის წყალობის მსასოებელი, მოიმედე ღმრთისა, რომელიც მოწყალებას ითხოვდა. „დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქუე ძურებოდა" (ლუკა 16.20). „ქუე ძურებოდა" ძველქართულად ნიშნავს: მისი სხეული ჩირქითა და წყლულებით იყო დაფარული. როგორც ვხედავთ, ძაღლები მოდიოდნენ და ლოკავდნენ. ჩანს, სიარულის უნარი აღარ ჰქონდა ლაზარეს. ამიტომ ნათქვამია, „დავრდომილი წინაშე ბჭეთა". რას ნიშნავს დავრდომილი? ბერძნულ ორიგინალში წერია არა „დავრდომილი", არამედ „ებებლეიტუ", რაც ქართულად ნიშნავს „აღებული და გადაგდებული".

როდესაც ვინმე მიიყვანდა, ლაზარეს ან თუ თვითონ მიხოხდებოდა მდიდრის სასახლის წინ, მსახურებს ნაბრძანები ჰქონდათ და როგორც უსულო საგანს, აგდებდნენ. სად აგდებდნენ? იგავის მიხედვით, სანაგვესთან.

აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩვეულება ჰქონდათ, დღესაც ასეა, სადილის ნარჩენს არ ინახავდნენ, რადგან განსაკუთრებული სიცხეების გამო ადვილად ფუჭდება. ამიტომ გარეთ, სანაგვეში ყრიდნენ. მსახურები სანაგვეში ან სანაგვესთან აგდებდნენ უმოწყალოდ ლაზარეს, მაგრამ არც აქ სწყალობდა ბედი. ძაღლები, პირველები მირბოდნენ, ასწრებდნენ ნაგავთან, ჭამდნენ და ხშირად ძაღლთა ნაჭამიც არ რჩებოდა ლაზარეს.

წავიკითხოთ, ამის თაობაზე სახარებაში. „და გული ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან გარდამოც ვნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა. არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ჰლოშნიდეს წყლულსა მას მისსა" (ლუკა 16.21). რა ენატრებოდა? არა ის, რომ მაძღრისად ეჭამა, არამედ ნამუსრევი; ის რაც მდიდრის სუფრიდან რჩებოდა, რასაც ქუჩაში ყრიდნენ სასახლის კარიბჭის წინ. ძაღლები ხშირად ნამუსრევსაც, ნამცეცსაც არ უტოვებდნენ, არამედ თავად ლაზარესაც ლოშნიდნენ. ბიბლიის ერთ-ერთი კომენტატორის განმარტებით, ძაღლები თანაგრძნობას კი არ გამოხატავდნენ გლახაკისადმი, არამედ მას – ლაზარეს ჩირქი სდიოდა, ძაღლი კი ჩვეულებისამებრ, ჩირქოვან ადგილებს ლოკავს. ერთი სიტყვით, ძაღლები ძღებოდნენ მდიდრის ნამუსრევით და ლაზარეს ჩირქოვან სხეულსაც ლოკავდნენ. ლაზარე კი კვლავაც მშიერი რჩებოდა.

„იყო სიკუდილი გლახაკისა (ყურადღებით მოისმინეთ, როგორ ამბობს მაცხოვარი) მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა" (ლუკა 16.22). აი, აქ უკვე გამოხატულია უფლის დამოკიდებულება ლაზარესა და მდიდრისადმი. უფალი ლაზარეზე ამბობს: „იყო სიკუდილი", ნახეთ, რა რბილად ამბობს. კი არ „მოკვდაო", კი არ ამბობს „გარდაიცვალა", არამედ „იყო სიკუდილი". რატომ იყო? იმიტომ, რომ სიკვდილი ყველასთან მოვა, თვით მსასოებელთანაც, მაგრამ ეს სიკვდილი განსხვავებული იქნება. მდიდარი კი მოკვდება და ძაღლივით იქნება დაფლული, ხოლო ლაზარესთან „იყო სიკვდილი" „და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა" ე.ი. ზეციურმა ძალებმა მისი სული ღვთის მეგობრის, აბრაამის წიაღში შეიყვანეს.

ქრისტეს მოსვლამდე მართალი ადამიანებიც ჯოჯოხეთში მიდიოდნენ. ძველი ებრაული სწავლებითა და რაბინთა მოძღვრებით ჯოჯოხეთს შეოლს უწოდებდნენ. შეოლი ორად განიყოფოდა – აბრაამის წიაღად (როგორც უწოდა უფალმა იგავში), სადაც მართალნი არ იტანჯებოდნენ, მაგრამ არც ისეთ ნეტარებაში იყვნენ, როგორც ისინი, ვინც დღიდან იოანე ნათლისმცემლისა, განიხვნა რა ცათა სასუფევლის კარი, განიცდიდნენ სიხარულს მას შინა და – გეენიად; აბრაამის წიაღში მიდიოდნენ მართალნი, მაგალითად, აბრაამი, ისააკი, იაკობი, ხოლო ყველა დანარჩენი, ცოდვილები, – ჯოჯოხეთის სატანჯველში.

მაშ ლაზარე აბრაამის წიაღში მიიყვანეს. „მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა" უსახელოდ. ეს იყო მისი ბედნიერი და ბრწყინვალე დღეების სამგლოვიარო და სამწუხარო დასასრული.

სახარების ამ ადგილის განმარტებისას იოანე ოქროპირი ამბობს: „ძაღლები ლოშნიან გლახაკი ლაზარეს წყლულებს, რადგან არავის არ სურს კაცთაგან მათი მობანვა და განკურნება, მით უფრო – მდიდარს", ამბროსი მედიოლანელი კი აგრძელებს განმარტებას, „მდიდრები ხშირად ივიწყებენ სხვების უბედურ მდგომარეობას, დასცინიან მათ, მასხრად იგდებენ მოწყალების მთხოვნელთ და უკანასკნელ ლუკმასაც ართმევენ იმათ, რომელთაც უნდა შეეწეოდნენ; მაგრამ აი, დასასრული გლახაკის ტანჯვათა და მდიდრის მხიარულებისა", ადამიანურ ენაზე სიკვდილი რომ ჰქვია. დაინახა რა მდიდარმა, რომ არანაირი შეწევნა არაა „აბრაამის წიაღიდან", თვით ლაზარეს წყალში დასველებული თითის წვერითაც რომ ვერ გაიგრილებდა ენას, ისღა შესთხოვა აბრაამს, ლაზარე აღედგინა და მიევლინა მის ძმებთან, უგუნურად და უდრტვინველად რომ ცხოვრობენ, ეგებ გამოფხიზლდნენო ამ სასწაულით და აქ, ამ სატანჯველში არ მოხვდნენო. აი რას ამბობს ეკლესიის ერთ-ერთი მამა ლაზარეს სიკვდილზე: „ლაზარეს სული ანგელოზებმა წაიყვანეს. ანგელოზური სამყარო პირველი შეიქმნა ღვთისაგან და მათ ბუნებაში აღიბეჭდა სრულყოფილება შემოქმედისა – უფალ საბაოთისა. ადამიანი ცოცხალი კავშირია სულიერი და ნივთიერი სამყაროსი. ჩვენი სამყარო დიდებული და მდიდარია, მაგრამ რამდენად უფრო მდიდარია უხილავი, ზეციური ძალების სამყარო! აქ, დედამიწაზე ქმნილებათა კიბე ადამიანიდან მტვრამდის დავალს, იქ კი ყოვლისმპყრობელის საყდრამდის აღმართულა და ყოფიერების უფსკრულს ანგელოზები აღავსებენ, გალობენ რა ღვთივშთაგონებულნი – „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ"

როგორ წარმოვიდგინოთ ზეციური ძალები? როგორ უნდა ჰქონდეთ ფრთები და თვალები, როდესაც უსხეულონი არიან? ფრთები კი არა აქვთ, ვთქვათ ქერუბინს ოთხი, სერაბინს – ექვსი, არამედ ამგვარი ჩვენებითა და გამოცხადებით წმინდანების მიმართ, წარმოდგენა გვეძლევა, რაოდენ ღრმა და მაღალია მათი ბუნება, რამდენად დიდი განჭვრეტის უნარი მიანიჭა ღმერთმა ანგელოსებს, რაგვარი სისწრაფე აქვთ მათ. ანგელოსები ღვთიურ ბრძანებათა აღმასრულებელნი არიან. მათთვისაც იყო შესაძლებლობა, დაცემულიყვნენ (პირველი გამოცდა, ვიდრე ადამ და ევა გამოიცდებოდნენ, ანგელოსებს ჰქონდათ), მაგრამ ჭეშმარიტებაში დარჩენენ და განმტკიცდნენ (იეროსთეოზი კი ეშმად გარდაისახა და სინათლის ანგელოსთა ერთი მესამედიც, აცთუნა რა, დემონებად იქცნენ). ახლა სინათლის ანგელოსები ცეცხლოვანი სიყვარულით არიან ანთებულნი ღვთისა და მისი ქმნილების – ადამიანისადმი. ღვთის ერთგულ არსებათა კაცთათვის უხილველი გულისხმისყოფა და ნუგეში გადაატანინებდა მწარე წუთისოფელს ჩვენგან ხსენებულ გლახაკ ლაზარესაც, რომელსაც ადამიანები – მდიდარი ძმები, სულიერ ჭრილში თუ გადავიტანთ – ანა და კაიაფა, მწიგნობარნი, ფარისეველნი და სადუკეველნი უმოწყალოდ ექცეოდნენ. უსხეულო ზეციური ძალები კი ძალისაებრ ანუგეშებდნენ და ასაზრდოებდნენ მას.

ალბათ, მიაქციეთ ყურადღება იგავის თხრობას, უფალი გადმოგვცემს მდიდრის ფუფუნებითა და განცხრომით ცხოვრებას, მაგრამ მოაწევს რა სიკვდილი, მოკლედ იტყვის: მოკვდა და დაეფლა. რას გვასწავლის მაცხოვარი? განა უფრო დიდებული სუფრა არ გაიშლებოდა, გარდაცვლილი მდიდრის აღაპზე ვიდრე დღესასწაულებზე იშლებოდა მათთან? მაგრამ ღვთის წინაშე, – თითქოს გვმოძღვრის მაცხოვარი, სრულიად არაფერს ნიშნავს ყვავილის თაიგულები და გვირგვინები, ძვირფასი სასახლეები, გრანიტის საფლავები და დიდებული სუფრები, გაშლილი არა მოწყალებისათვის, არამედ თავმომწონეობის, პატივმოყვარეობისა და ამპარტავნებისათვის. ამგვარი ჭირისუფლები ხშირად სიზმრეული ჩვენებით ნახულობენ რა თავიანთ მიცვალებულს მშიერს, მწყურვალს, შიშველს ცოდვილთა შორის, გაოცებითა და ერთგვარი სიამაყით აცხადებენ ტაძრებში: ასეთი არაჩვეულებრივი სუფრა გავაწყვეთ, დიდებული საფლავი აღვმართეთ, და რატომ არის ასე დამცრობილი ჩვენი მიცვალებული იქ? იმის გამო, ჩემო კეთილო, რომ ღვთის წინაშე ეს ყოველივე არაფერია. ხომ გახსოვთ ანდრია სალოსის ცხოვრებიდან, როდესაც იხილა მან სიკვდილი გლახაკისა და მდიდრისა. ვიდრე მდიდრულად დაფლავდნენ მდიდარს მიწაში, ზეციურ ძალებს უბრძანა უფალმა იესუ ქრისტემ: წამებით და ტანჯვით ამოეხადათ მისთვის სული, რამეთუ გაამწარა სული ჩემი ხორციელი ცხოვრების ჟამსო.

ქრისტეს მიერ საყვარელნო, ვიფიქროთ არა წარმავალ, დროებით, წუთიერ სიამოვნებაზე, არამედ საუკუნო ცხოვრებასა და მარადიულ ნეტარებაზე. არასწორად ნუ გაიგებთ, თითქოს სიმდიდრე ბოროტება იყოს და ამის წინააღმდეგ ვილაშქრებდეთ. არა, საყვარელნო, პატიოსანი გზით შეძენილი სიმდიდრე დასაძრახი როდია, მაგრამ სიმდიდრეს ყოველთვის მოწყალება უნდა ახლდეს, რამეთუ მოწყალებაა ის დიდი სათნოება, მდიდარს რომ არ მისცემს საშუალებას იყოს ძუნწი და ხარბი და როგორც იოანე ოქროპირი იტყვის მდიდრები იმაზე ადრე ვერ შევლენ სასუფეველში, ვიდრე გლახაკები არ შეიყვანენ მათ.

„და (მდიდარმა) ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რა სატანჯველსა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა" (ლუკა 16.23) რა ლაკონურად გამოხატავს უფალი ყოველივეს და რა ღრმად განგვაცდევინებს იქაური ქვეყნის რეალობას, სატანჯველის რეალობას. ალბათ, სიკვდილი მართლმორწმუნეთათვის, როგორც წმინდანებთანაც ვკითხულობთ, იმდენად საზარელი არ უნდა იყოს, რამდენადაც ურწმუნოთათვის. რა წყვდიადში იმყოფებიან უნანელი ცოდვილები და ურწმუნონი აქაც და რა საშინელ წყვდიადში გადავლენ იქაც, დაუსრულებელ ცხოვრებაში. აბა, წარმოიდგინეთ არ გწამდეს ღმერთი, არ გჯეროდეს სულის უკვდავებისა. რაღა დაგვრჩენია? პავლე მოციქულისა არ იყოს, მაშინ, მოდით ვჭამოთ და ვსვათ, ვიყოთ განძღომითა და განცხრომით, რამეთუ მოვა დღე სიკვდილისა და აღარ ვიქნებით. მატერიის, ხორცის განლევასა და სულის ამოსვლასთან ერთად მათთვის მთავრდება ყველაფერი. თვით სულიც კი ხორცნია მათთვის და ხორცნი – სული. ალბათ, გახსოვთ ერთ-ერთი იგავი მდიდრის შესახებ, რომელიც თავის სულს ეუბნება: სულო, ბევრი დოვლათი გაქვს დაგროვილი: მოისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე (ლუკა 12.19). სული და ხორცნი მისთვის გაიგივებული იყო, მან არც კი უწყოდა გონიერ ნაწილზე საკუთარი არსებისა, ანუ უკვდავ სულზე.

„აღიხილნა თვალნი" არ ნიშნავს, რომ გვამი გაჰყვა იქ, ჯოჯოხეთში და თვალები გაახილა. ეს პასაჟი სულიერი აზრით უნდა ამოვიკითხოთ. როდესაც იმ განცდებიდან, შიშნეული თავდავიწყებიდან გამოვიდა, რასაც ადამიანურად სიკვდილი ეწოდება, აღმოაჩინა რომ სულიერად იტანჯებოდა ჯოჯოხეთში.

იცით, რომ საყოველთაო აღდგომის შემდეგ, ვინც მხოლოდ სულიერად, მორალურად იტანჯებოდა, აღდგომის შემდეგ შეიმოსავს რა უკვდავ და უხრწნელ, მაგრამ ბნელ სხეულს, მის სულიერ ტანჯვას სურიელი სხეულის ტანჯვაც მიემატება, ე.ი. მისი ტანჯვა სრული, დაუსრულებელი, ყოვლად უნუგეშო გახდება. კონკრეტულად რა იგულისხმება უნუგეშობაში? იგავიც განგვიმარტავს ცოტა მოგვიანებით.

გამოვიდა რა შიშნეულობიდან, აღიქვა, რომ ჯოჯოხეთსა და საშინელ სატანჯველშია. რა უფრო აძლიერებდა მის ტანჯვას? ის, რომ მან „იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა". თუ თქვენ გულისყურით წაიკითხავთ იგავს, ნახავთ, რომ მდიდარი ურწმუნო და ათეისტი არ იყო. პირიქით ერთგვარი სარწმუნოება ჰქონდა, მაგრამ მისი რწმენა კეთილ საქმეთა უქონლობის გამო მკვდარი გახლდათ.

მაშ, მისი ტკივილები უფრო მატულობდა იმის გამო, რომ მდიდარი აქ, – დედამიწაზე, სრულიად განძარცული აღმოჩნდა იქ – იმსოფლად. და ვაი, რომ არა ებადა რა, – წყალიც კი ენატრებოდა. მეორეც, ლაზარე, რომელსაც სანეხვესა და ნაგავზე გადააგდებდნენ ხოლმე, ახლა აბრაამის წიაღში ნეტარებდა. ამან უფრო მძაფრად განაცდევინა, რა უგუნური, უზრუნველი და უმოწყალო ცხოვრება განვლო მიწაზე ყოფნისას: „და მან ხმა ჰყო და თქუა მამაო აბრაჰამ შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე რა თა დააწოს მწუერვალი თითისა მისისა წყალს და განმიგრილოს ენა ჩემი რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისა თა" (ლუკა 16.24).

აბრაამი არასოდეს არ ეხილა მდიდარს თვალით, მასზე საუკუნეებით ადრე ცხოვრობდა, მაგრამ ჰქონდა ერთგვარი მადლი სარწმუნოებისა, რამაც აბრაამი შეაცნობინა. აბრაამს მამად ხადოდა, თუმცა მამად ხადოდა ისევე, როგორც მისი ცოცხალი სულიერი ძმები – ფარისევლები, მწიგნობრები და სხვები, რომლებიც ქრისტეს წინაშე იმით იმართლებდნენ და იწონებდნენ თავს, რომ მამად გვივის აბრაამიო. ქრისტე კი ეტყოდა: აბრაამის შვილები რომ იყოთ, მესიას ჯვარს კი არ აცვამდით, არამედ სასოებით მიიღებდითო.

მაშ, მასაც ასევე სწამდა აბრაამის და მისი ღმერთისა. ათეისტებიც არიან ორგვარი ტიპისა: ერთნი საერთოდ უარყოფენ ღმერთს, მეორენი აღიარებენ მის არსებობას, მაგრამ თაყვანს არ სცემენ. წინა ქადაგებაში, მაგალითად, ვახსენეთ, რომ ენგელსი და მარქსი ღმერთის არსებობას აღიარებდნენ, მაგრამ შეგნებულად და ჯიუტად, ამპარტავნებითა და დიდებისმოყვარებით შეპყრობილნი, ებრძოდნენ მას, იყვნენ რა სატანისტები. რამდენად ცოფმორეული და უგუნური არარაობა უნდა იყო, რომ ცისა ქვეყნის შემოქმედს ებრძოდე. მაშ, აბრაამს, მამად ხადოდა, სარწმუნოების ერთგვარი მადლით, თუმცა თვალით არ ენახა. მან ვერ გაბედა თხოვნით მიემართა ლაზარესთვის, რომელიც უგულებელყოფილი და დამცირებული ჰყავდა მთელი თავისი მიწიერი ცხოვრებისას, როცა განცხრომაში ნეტარებდა. შენ კი არ დააწო, მამაო აბრაამ თითის მწვერვალი (წვერი) წყალში, რათა ენა გამიგრილო, – აქ ერთგვარი მოშიშებაც ჩანს აბრაამის წინაშე, – არამედ ლაზარემ, რომელსაც მიწაზე ვიცნობდი, მან დააწოს თითის მწვერვალი. ნახეთ რა ითხოვა? არ უთქვამს, ლაზარემ პეშვით მომიტანოს წყალი, მხოლოდ იოტისოდენა მომეცითო თქვენგან. ჯერ, მოდით, ვნახოთ, რა არის ეს წყალი? წყალი, მამათა განმარტებით, ერთ-ერთი სულიერი სახეა სული წმიდისა. გახსოვთ, ალბათ, იესუ ქრისტეს საუბარი იაკობის წყაროსთან, წყალს რომ დაალევინებს სამარიტელი დედაკაცი. შენ რომ იცოდე, ვინ არის შენს წინაშე, შენ თვითონ ითხოვდი წყალს, გასმევდი და აღარ მოგწყურდებოდაო (იოანე. 4.10). დედაკაცი ვერ მიხვდა, რომ მაცხოვარი სული წმიდაზე ეზრახებოდა.

რად იტანჯებიან და იგვემებიან ცოდვილნი ჯოჯოხეთში? – კითხულობს ისააკ ასური. იმიტომ, რომ „უწყლოდ" არიან ანუ იოტისოდენა მადლი აღარ არის არც მათში, არც მათზე. ანუ სული ნუგეშინისმცემელი არ გააჩნიათ, რადგანაც სიყვარულის უმაღლეს კანონს უღალატესო. მადლს ნათლისღების საიდუმლოში ვიღებთ, მაგრამ ეგ როდი ნიშნავს, რომ უკვე გადავრჩით და ვცხონდით. ამ იგავისეულ ტალანტს, უფალმა რომ მოგანიჭა, განკითხვის ჟამს მოგკითხავს, თუ გაამრავლე, თუ აქციე ერთი ტალანტი ხუთ ტალანტად, ათ ტალანტად ანუ თუ ანედლებდი შენს რწმენას კეთილი საქმეებით, რამეთუ რწმენა მკვდარია საქმის გარეშე (იაკობ 2.17).

ბოროტ მონას კი, რომელსაც ჰგონია, მისი დამსახურებაა ქრისტიანი რომ გახდა, მისი დამსახურებაა, რომ ერთგვარი ნიჭიერება, სულიერი ღირსება აქვს, ის ერთი ტალანტიც წაერთმევა, მიეცემა და მიემატება კი იმას, ვინც ერთი ხუთად და ათად აქცია.

მდიდარი ჯოჯოხეთის დაუცხრომელ ალში იტანჯება, ლაზარე გლახაკი კი აბრაამის წიაღში ნეტარებს. აბრაამს ფარისევლები და სადუკეველები თითქმის ღმერთს უტოლებდნენ, უწინ ებრაელები მოსესაც აღმერთებდნენ. რატომ ჰქონდათ დავა მთავარანგელოზს მიქაელსა და სატანას მოსეს საფლავისთვის? სატანას სურდა, ებრაელებს მოსეს საფლავი სცოდნოდათ. წინასწარმეტყველი, მათი წინამძღოლი, სჯულისმდებელი იყო, უამრავი სათნოებისა და სიკეთის მიმნიჭებელი და რა უნდა ყოფილიყო ცუდი, თითქოს იმაში, რომ ებრაელებს სულიერი წინამძღოლის საფლავი სცოდნოდათ? მაგრამ არა, ღმერთმა იცის და მთავარანგელოზმა მიქაელმა, რომ ებრაელები მოსეს გააღმერთებდნენ, გააკერპებდნენ. ამიტომ არ დაუშვა ღმერთმა, ხოლო მთავარანგელოზმა მიქაელმა შეკრა სატანა: ღმერთმა დაგიშალოსო. ებრაელებმა დღემდის არ იციან, სადაა მოსე წინასწარმეტყველის საფლავი.

მდიდარმა, სიკვდილითა და შიშით თავდავიწყებულმა აღიხილნა თვალნი სატანჯველში, ჯოჯოხეთში. და რა იხილა, რომ დამცირებული და სანაგვეზე გადაგდებული ლაზარე ამჟამად აბრაამის წიაღში ნეტარებს. ნახეთ, როგორ მიმართა აბრაამს: მამაო აბრაჰამ!

რა ჩანს ამ სიტყვებში? მეც ხომ შვილი ვარ (თითქოს ვერ ბედავს უთხრას: მეც ხომ შენი შვილი ვარ, მეც ხომ შენი შთამომავალი ვარ). რა თქმა უნდა ხორციელად ისიც აბრაჰამის შთამომავალი იყო, მაგრამ ასეთებს უთხრა ქრისტემ: „არა გიცნი თქუენ, ვინანი ხართ" მე (ლუკ. 13.25). კი, თესლით, მოდგმით, ხორცით აბრაამის შთამომავალი ხარ, მაგრამ აბრაამის არც სარწმუნოება გაქვს და არც კეთილი საქმეები. ასე რომ, მხოლოდ ფორმალურად ითვლები შვილად. ყოველივე ეს გაიაზრა მდიდარმა.

უკითხავთ: აქვს თუ არა ადამიანს ჯოჯოხეთში აზროვნების უნარი, ცნობიერება? გულუბრყვილო კითხვებია. თუ ცნობიერება და შეგრძნების უნარი არ გაქვს, მაშინ არც ჯოჯოხეთი ყოფილა შენთვის. უბედურება სწორედ ისაა, რომ გააზრებული გაქვს, სადა ხარ, იცი რომ დამსახურებულად იტანჯები და გაქვს საშინელი, უმძაფრესი შეგრძნება ტკივილებისა, რადგან იოტისოდენა მადლი არაა ჯოჯოხეთში, ანუ ნუგეში!

განიცადა და გაიაზრა რა ყოველივე, ითხოვა მდიდარმა: რადგან მეც შენი შთამომავალი ვარ, მამაო აბრაჰამ, ამ საშინელ ალსა და ცეცხლში ლაზარემ მცირეოდენი წყლით ენა გამიგრილოს. ენას შემთხვევით არ ახსენებს უფალი. განმარტავს რა შესაქმეში ადამიანის შექმნას იოანე ოქროპირი წერს, რომ ენა ღმერთმა მოგვცა ცისა და ქვეყნის შემოქმედის, თვით ამ ენის შემქმნელის საქებრად და სადიდებლადო. ჩვენ კი ენა, მდიდრის მსგავსად, გამოვიყენეთ განსაკითხავად, საწყევლად, საგინებლად, შესარისხად და ჩვენი ენა დაუსრულებლად სასმელ-საჭმელს იწოვდა სასატკბილობითა და გემოთმოყვარეობით აღძრული.

ითხოვს რა მდიდარი: „ენა განმიგრილოს", ბაგეებზე მომისვას წყალი თითის მწვერვალით, ოდნავ მცხოს წყალი, ნიშნავს იოტისოდენა მადლი გადმომცესო ლაზარემ. დედამიწაზე ლაზარეს ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვევნილი საჭმლის ნამცეცები, იმსოფლად კი მდიდარს – ლაზარეს სულიერი ტრაპეზიდან ცოტაოდენი წყალი, ანუ იოტისოდენა მადლი და ნეტარება (ნუგეში), რომელშიც ლაზარე იყო.

ალბათ, გახსოვთ იგავი: რას ვამსგავსო, ანუ ვის ვამსგავსო ცათა სასუფეველი, – სასუფევლის საიდუმლოებასა და მის არსზე გვესაუბრება უფალი, – ის ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც კაცმა მოიღო, ყანაში დათესა და მცირე მდოგვის მარცვლიდან იმდენად დიდი ხე ამოვიდა, ფრინველებიც კი მოდიოდნენ და ჩრდილით გრილდებოდნენო (მთ. 13.31-31). ადამიანი, რომელსაც თუნდაც მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა აქვს და რწმენიდან გამომდინარე საქმეები, ჩალაზეც რომ აშენებდეს, მაინც გადარჩება, როგორც ამას წმინდა პავლე მოციქული იტყვის. მადლმოსილი რომ გახდება ადამიანი, ძალუძს თავის გარშემო ათასობით ადამიანი გადაარჩინოს (წმ. სერაფიმ საროველი). კიდევ ამადაც შეგვაგონებს ღვთივდიდებული პავლე: აღივსეთ სულითა წმიდითა!

ლაზარეს ჰქონდა მადლი, მაგრამ თუ რატომ არ მიენიჭა მისგან მდიდარს ამოვიკითხოთ სახარებიდან.

რად ვითხოვ მე, მდიდარი, ენა განმიგრილოს? „რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისა თა". გულუბრყვილობაა, იოტისოდენა წყლით, წვეთი წყლით ჩააქრო ვეება ხანძარი, მაგრამ სასოწარკვეთილი მდიდრისთვის ესეც ერთგვარი ნუგეშია და წარმოიდგინეთ, რამდენად ბევრს უნდა ნიშნავდეს, როცა ჩვენი მიცვალებულებისთვის ვლოცულობთ ქრისტეს წმიდა ეკლესიაში, რომელსაც ღმერთმა უდიდესი ძალაუფლება მიანიჭა შეკვრისა და გახსნისა.

ახლახანს შეისვენა მამა გაბრიელმა, მოდი, გულზე ხელი დავიდოთ, უფრო უკეთესი იქნება, გონების თვალით გულში ჩავიხედოთ, რამდენად გულსმოდგინედ ვლოცულობთ და ვიხსენებთ მას ლოცვებში? ეკლესიის სწავლებით თქვენ იცით, რომ გუშინ მამა გაბრიელი საზვერეებს გაივლიდა, დღეს ის სამოთხეშია. და მხოლოდ მეორმოცე დღეს გადაწყდება, გამართლდება თუ არა იგი ღვთის წინაშე, რადგან თუ არსენი დიდი და სხვა წმ. მამები ტიროდნენ სიკვდილის წინ, განა მამა გაბრიელი არ საჭიროებს ლოცვებს?! ამიტომ წინასწარ ჩავიყვანოთ წარმოსახვით ჩვენი თავი ჯოჯოხეთში, რათა მეტად თანავუგრძნოთ მოყვასს, როგორც ერთ-ერთი წმ. მამა ამბობს, თანაელმოდეთ თქვენს მოყვასს და აღავლინეთ ლოცვები მათ საცხოვნებელადო. რამდენად სცდებიან, რამდენად ბევრ სიკეთეს აკლდებიან სამგზის საბრალო სექტანტები, მიცვალებულთათვის რომ უარყოფენ ლოცვას. და მაშ, მდიდარმა ნუგეში ითხოვა აბრაამისგან ლაზარეს მიერ.

„ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოი სენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები" (ლკ. 16.25).

ნახეთ, მაინც ერთგვარი მოწყალება გამოიჩინა აბრაამმა; მამა უწოდა მდიდარმა, – შვილად ხადოდა აბრაამიც, მაგრამ, მეორეს მხრივ, ნახეთ, როგორ შეჰღაღადა გაჭირვებულმა მდიდარმა: მეც ხომ შვილი ვარ შენი. აბრაამმაც უთხრა: დიაღ, შენ შვილი ხარ, რადგან ჩემს მოდგმაში იშევ. აბრამი აბრაამად, – მამად მრავალთა, მაქცია ღმერთმა – მაგრამ ეს არ არის საკმარისი შენი ცხონებისათვის, რაზეც გესაუბრებოდნენ მოსე, ილია და მრავალი სხვა წინასწარმეტყველი, რომელთაგანაც ზოგნი განტვინეთ, ქვით ჩაქოლეთ, ზოგს თავი მოჰკვეთეთ, ზოგს ტყავი გახადეთ, ზოგი ესაიასავით განხერხეთ „შვილო, მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა", ამით რა უთხრა? სიკეთეს შენ მხოლოდ განცხრომაში ხედავდი, ყოველივე ეს მიწიერ ცხოვრებაში შენ უკვე მიიღე, შენ ჩათვალე, რომ ის, რაც ღმერთმა მოგცა, მხოლოდ შენი იყო.

სახარების ერთ-ერთი კომენტატორი ამბობს: ერთი შეხედვით, თითქოს ამ მდიდრის ცოდვა მხოლოდ ისაა, მდიდარ ოჯახში რომ გაჩნდა, მდიდრების შთამომავალი რომ იყო. მამამ და ხუთმა ვაჟიშვილმა დაივიწყა, რომ სიმდიდრე ღმერთის წყალობაა და ღმერთისგან ბოძებული ღმერთს არ დაუბრუნეს, ლაზარე არ განიკითხეს, მის მიმართ უმოწყალონი იყვნენ.

შენ, ჰო მდიდარო, სულიერი სიბრმავითა და თვითკმაყოფიფლებით შეპყრობილმა, ჩათვალე, რადგან განზრქა გული შენი, როგორც მამისა შენისა და ძმათა შენთა, რომ სიმდიდრე, მართალია, მემკვიდრეობით მიიღე, მაგრამ ეს ასეც უნდა ყოფილიყო, შენი, მარადიულად შენი და შენი შთამომავლების კუთვნილება უნდა ყოფილიყო იგი. განა ფსალმუნიდან არ მოგაგონდა, – ვიხილე მდიდარი, გავიარე და აღარ იყოო (ფს. 36.35-36). მაშ, მოიგონე, რომ შენ რაც სიკეთედ გესახებოდა, ის სისავსით მიიღე ღმერთისაგან „და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი". აწ კი შენ იმას იღებ, რაც დაიმსახურე, ის კი – თავისას. რადგან ვინც რას დასთესს, მიწაზე იმას მოიმკის ზეცაში. „და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს"… ლაზარე თავისას რას იღებს? ნუგეშინისცემას. მოიგონეთ ლოცვა სულიწმიდისადმი, როცა მას მოვუხმობთ „მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო…" ნუგეშინისმცემლობა სული წმიდის დამახასიათებელია. ეს მისი ბუნებაა, – იყოს ნუგეშინისმცემელი და მანეტარებელი ადამიანისა თუ ანგელოზისა, რადგან ანგელოზებიც ამ პირველი ნათლიდან, სული წმინდისაგან, აღმოივსებენ ნათელს საკუთარი ნეტარებისათვის.

„გლოცავ შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა" (ლკ. 16.27). ხედავთ, აქ მდიდარი მთლად უკეთური არ ჩანს, რადგან სატანჯველში მყოფი არ გაბოროტდა. აბრაამს თავისი ძმებისთვის ევედრება, ძმებზე ზრუნავს.

წმ. ეკლესიის სწავლებით, ჯოჯოხეთში მყოფი ქრისტიანებისათვის, თუ ახლობლები და ეკლესია ილოცებენ, მოწყალებას გაიღებენ და ა.შ., შეიძლება მრავალმოწყალე მსაჯულმა შეიწყალოს ისინი მეორედ მოსვლის ჟამს და ჯოჯოხეთიდან სამოთხეში გადაიყვანოს. ეს დიდი სასოებაა ჩვენთვის და ჩვენი მიცვალებულებისათვის.

მაშ, მდიდარი შესთხოვს აბრაამს: „მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა, რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რა თა აუწყოს მათ, და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა" (ლუკა 16.27,28). „ჰრქუა მას აბრაჰამ: ჰქონან მოსე და წინა სწარმეტყუელნი, მათი ისმინედ" (ლუკა 16.29). ე.ი. ლაზარეზე უფრო დიდი ჰყავთ დედამიწაზეო, მოსე და წინასწარმეტყველნი. თუ მოსეს და წინასწარმეტყველებს უსმენენ, რომელნიც ღვთის მორჩილებას გვასწავლიან, სარწმუნოებაში გვამდიდრებენ, სავსებით საკმარისია მათი გადარჩენისათვის. „ხოლო მან თქუა: არა, მამაო აბრაჰამ, არამედ უკეთუ ვინმე მკუდრეთით აღდგეს და მივიდეს მათა, შეინანონ" (ლუკა 16.30). ამით რაში ამხილა კიდევ აბრაამმა? კი, მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი, სინაგოგაშიც დადიან. მაგრამ ლხენა და სარგებელი არ ექნებათ, თუ ბრმად მისდიეს სარწმუნოებას. გარეგანი მსახურები კი არ უნდა ვიყოთ, არამედ შინაგანი ადამიანით უნდა ვსცეთ თაყვანი ღმერთს. როგორც სამარიტელ დედაკაცსაც განუმარტა იესუმ, როცა დაეკითხა სამარიტელი, ქორიბის მთაზეა უფრო მართებული ღვთის თაყვანისცემა, როგორც სამარიტელები ვიქმთ, თუ იერუსალიმში, როგორც ებრაელები იქცევიანო? დადგება დრო და უკვე დადგაო, – უპასუხა მაცხოვარმა, – როცა ღმერთი ადგილს კი არ მიანიჭებს უპირატესობასა და ყურადღებას, თუმცა სჯული ებრაელებისაგან მოგეცათ თქვენ, სამარიტელებს, არამედ სულში და ჭეშმარიტებაში თაყვანისმცემელთ.

მოვედით, უფლის მიერ საყვარელნო, ვისმინოთ ხმა მაცხოვრისა, გულისხმა-ვყოთ იგავი ესე, ვაჩვენოთ სინანული ღმერთს, ნუ მივემსგავსებით უმოწყალო მდიდარს, არამედ ვითარცა ლაზარე, მსასოებელნი ვიყვნეთ მაცხოვრისა, რომელსა მხოლოსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ნანახია: 1094 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz