პარასკევი
19.04.2024
05:37
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 15 » მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი): „უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე…“ (ფს. 37)
11:43
მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი): „უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე…“ (ფს. 37)
უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე" – ამბობს წინასწარმეტყველი დავითი თავის ფსალმუნში. აღნიშნული სიტყვები ფსალმუნთ მგალობელისა მინდა გავიმეორო მეც, რადგანაც ვიცი, რომ ვერ გავექცევი საშინელ სამსჯავროს ზეციურ ანგელოზთა და ძალთა მიერ შემდგარს, რომელზედაც განცხადდება ყოველგვარი ცოდვანი და ქვეყნიური სისუსტენი ჩვენნი.

ჰოი მოწყალეო ღმერთო! ვიცი, რომ ცოდვანი ჩემნი პატიებას შენსას აღემატება, მე ხომ ყველაზე მეტად განგარისხე შენ და უმეტესად ცოდვებში გავატარე ცხოვრება ჩემი. მეზვერეზე მეტად შევაგინე სული და ქანანელზე უფრო დავიმძიმე სხეული. ამიტომ, შემცდარი და დაცემული გიღაღადებ, უფალო შემიწყალე მე ცოდვილი. მე, რომელმაც შენი წმიდა სახელი განვარისხე, რომელმაც სული შენგან მოცემული შევაწუხე და მცნებანი არ აღვასრულე, ნიჭი და სიმდიდრე შენი მოვიძულე.

ყოველი მონაგები ჩემი ცოდვებში დავხარჯე. სული, შენს ხატად შექმნილი, შევაგინე, გვამი კი – სამკვიდრებელი სულისა, ათასგვარი უკეთურებით დავისახიჩრე. წლები და დღენი შენს სადიდებლად რომ მომეც, ცოდვებში განვლიე. პირი, შენ რომ განმინათლე – ვარცხვინე, ბაგენი ჩემნი, შენ რომ განსწმიდნე, უკეთურებით შევაგინე. თვალნი ჩემნი, ღვთიური ნათლით რომ განმინათლე, ცოდვით დავაბნელე. ვიცი უფალო და არ უარვყოფ, რომ მომიწევს საშინელ სამსჯავროზე წარდგომა და მხილება. ვიცი უფალო, რომ მას ვერსად გავექცევი, რადგან სინდისს საკუთარს ვერ დავემალები. ამიტომ, ვიდრე დაჰკრავდეს განკითხვის ჟამი, ვიდრე ზეციური ანგელოზის ხმა აუწყებდეს ქვეყანის მკვიდრთ უზენაესი მსაჯულის ქვეყნად მობრძანებას, მუხლმოდრეკით გევედრები უფალო, ნუ გულისწყრომით მამხილებ მე.

მოწყალე უფალო! შენ ჭეშმარიტად უწყი ყოველი ჩემი ცოდვა დაფარული. შენ იცი ბოროტი ზრახვანი ჩემი, უწყი შინაგანი ვნებანი და მდაბალი გრძნობანი ჩემი – სულისა და სხეულის დამაბნელებელნი და წარმწყმდელნი. ნუ მამხილებ და ნუ მარცხვენ უფალო ანგელოზთა და კაცთა წინაშე, ნუ გამხდი იმათ საკიცხველსა და საყვედრელს. ნუ, სახიერო, გულისწყრომით ნუ მამხილებ. მე ქვეყანის მკვიდრთა მხილებაც მაშინებს და ყველას დამბადებლის რისხვას როგორ მოვერევი?

ვიცი, უფალო, რამეთუ ღირსი ვარ ტანჯვისა და გვემის, მაგრამ მაინცა გთხოვ რისხვით ნუ მსწავლი. ვიცი უფალო, რომ ავაზაკი გევედრებოდა შენ შენდობისათვის და სამოთხე მიანიჭე. მეძავი შეგივრდა მთელი გულით და მიტევება მიმადლე. მეზვერე მიხვდა თავის ცოდვებს, შეინანა და ცოდვათაგან განათავისუფლე. მე არა ვარ იმათი მსგავსი, არც ცრემლი მაქვს მხურვალე და არც სინანული გულწრფელი, არც სიგლახაკე და არც მოწყალება და სიყვარული.

რა ვქნა, როგორ გავკადნიერდე და ვითხოვო შენგან მოტევება აურაცხელი? რამდენგზის აღგითქვი უფალო სინანული და ვერ შევასრულე, რამდენჯერ შეგივრდი შენს წმიდა ტაძარში, გამოვედი და ისევ ცოდვისაკენ მივიქეცი. ბევრჯერ ისმინე ლოცვა ჩემი და მე მაინც შეურაცხვყავ წყალობა შენი. ბევრჯერ მაპატიე ცოდვები მომაკვდინებელი, მე კი კვლავ განგარისხე მოწყალე და კაცთმოყვარე უფალი. ბევრჯერ მომიწოდე სინანულად და მე არ მოვიქეცი. რამდენჯერ დავეცი ცოდვით დამძიმებული, შენ კი სახიერი და ნუგეშინისმცემელი მაყენებდი დაცემულს და მეუბნებოდი: აღსდეგ ძეო ჩემო და მოიქეც ჩემსკენ, მომეახლე, რომ ჩემს მიერ დაბადებული აღგამაღლო ბოროტისაგან ძლეული.

ამიტომ, სახიერო, რადგან მიუწვდომელია შენი მოწყალება და კაცთმოყვარება, გევედრები, ნუ მამხელ გულისწყრომით და ნუ სწავლი რისხვით, არამედ ისევ და ისევ სულგრძელ მექმენ მე. ნუ გამიყვან ამ წუთისოფლიდან მოუნანიებელს, ნუ მომკვეთ უფალო, როგორც უნაყოფო ხეს, არამედ მომანიჭე სინანული გულწრფელი და ცრემლი ცოდვათა განმბანელი. ნუ გამიყვან ამ ქვეყნიდან ცარიელი ხელით, ნუ განმაშორებ შესაძლებლობას კეთილ საქმეთა შესრულების. ისევ სულგრძელება გამოიჩინე ღმერთო ჩემზე და წყალობით შემიწყალე მე მდაბალი და სუსტი, ზევით ახედვასაც რომ ვერა ვბედავ ბოროტებით დამძიმებული.

ამოიწურა ძალა ჩემი და გაილია დღენი ჩემი ცხოვრებისანი. ვხედავ, რომ მოახლოებულ არს დასასრული, ამიტომ გევედრები: გამიღე უფალო კარი შენი სასუფევლის, შემაშველე ხელი, რომ აღმომიყვანო ცოდვის მორევში ჩაფლული. ჩემი ძვალნიც კი შერყეულ და გამოფიტულ არიან და ზეაღდგომა მიჭირს. ვეღარც მკურნალის მოძიების თავი მაქვს, მტერსაც ვეღარ ვუმკლავდები. შენ თუ ამიყვან ხელში, მიპატრონებ და მომეფერები.

მოიხსენე უფალო, რომ შენს წინაშე ვერ გამართლდება ძე ხორციელი, თუნდაც ერთი დღე ჰქონდეს ქვეყნად გატარებული. მოხსენე უფალო, რომ ანგელოზთა გუნდნიც არარანი არიან შენი სიწმიდის წინაშე. ამისთვის გევედრები, მაცხოვნე მე, უფალო, უღირსი მონა და მსახური შენი, რადგან თუ მართალ და წმიდა ადამიანს შეიწყნარებ, არ არის საქმე დიდი, არამედ ჩემისთანა სუსტსა და მდაბალზე აჩვენე სიმრავლე შენი წყალობის. მკურნალი ხომ მაშინ იქება, როცა სასიკვდილოდ განწირულს განკურნებს. მეფე იდიდება, რომელიც სიკვდილის თანამდებს შეუნდობს და სახიერი და ყოვლად კეთილიც იგია, რომელიც შეცოდებულს მიტევებას მიანიჭებს. შენ იცი, უფალო, უძლურება ჩემი ბუნების, რადგან დამბადებელი ხარ ჩვენი. ამიტომ მაცხოვნე შენი წყალობით. ნუ სძლევს, უფალო, ბოროტება სახიერებას შენსას. მაცხოვნე ისე, როგორც აცხოვნე მრავალი შენს მიერ დაბადებული.

1987 წ. სამთავრო
ნანახია: 722 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz