ოთხშაბათი
24.04.2024
13:49
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 15 » მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი): ნათლისღება
22:12
მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი): ნათლისღება

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო! დიდი დრო არ არის გასული მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიზეიმეთ ქრისტეს შობის დიდებული დღესასწაული. მაშინ ჩვენ თანაზიარნი გავხდით ზეცისა და ქვეყნის დიდი სიხარულის: ურიცხვ ანგელოზებთან ერთად ვიგალობეთ მშვიდობისა და სიყვარულის საგალობელი „დიდება მაღალიანი", რითაც ვადიდეთ მაღალი ღმერთი და მის მიერ შექმნილი სამყარო ადამიანითურთ. ებრაელ მწყემსებთან ერთად ჩვენც შევედით ბეთლემის ბაგაში და პატარა იესოს მოწიწებით ვეცით თაყვანი. რა უცხო, ჯერ განუცდელი სიხარული დამკვიდრდა მაშინ თითოეულ ჩვენთაგანში, როგორი დიდი ბედნიერების ღირსნი გავხდით უფლის წყალობით… ეს სიხარული ჯერაც არ განელებულა ჩვენში და აი უკვე ახალი საკვირველების მოწმენი ვხდებით.

დღეს, იესო ქრისტე 30 წლის ასაკში, მიდის წმიდა იოანე ნათლისმცემელთან, რათა მიიღოს მისგან ნათელი. საკვირველია ძმანო, როგორ შეიძლებოდა ღმერთის განათვლა ადამიანის მიერ? წმიდა იოანე ნათლისმცემელი ხომ ჩვეულებრივი ადამიანი იყო და გამოირჩეოდა მარტო მკაცრი, განდეგილური ცხოვრებით? მაცხოვრის ხალხში გამოჩენამდე 6 თვით ადრე იწყო მან ხალხის მონათვლა მდინარე იორდანეში. მაინც რა იყო ეს ნათლობა, ასეთი დიდი მონდომებით რომ ასრულებდა ნათლისმცემელი? ეს იყო ნათლობა სინანულის, ეს იყო ადამიანისათვის განწმენდის წესი. ღვთის განგებით წმ. იოანე ნათლისმცემელს ხალხი უნდა მოემზადებინა მაცხოვართან შეხვედრისათვის. ღმერთთან ვერ წარდგებოდა კაცი ცოდვილი და ჭუჭყიანი. სიწმინდეს ვერ მიეახლებოდა უწმინდური, ჭეშმარიტ სიკეთეს, რომელიც უნდა ექადაგა უფალს, ვერ გაიგებდა კაცი ცოდვით დამძიმებული. საჭირო იყო განწმენდა მისი, რაც უნდა მომხდარიყო სინანულით, ანუ ცოდვათა დატევებით. ამიტომაც იწყო თავისი ქვეყნიური მოღვაწეობა წმ. იოანე ნათლისმცემელმა სინანულზე ქადაგებით: „შეინანეთ, შეინანეთ, მოახლოვებულ არს სასუფეველი ცათა", (მთ. 3, 2) – გაისმოდა ყველგან სიტყვები მისი. ხალხზე დიდად იმოქმედა ამან, რადგან დიდ წინასაწმეტყველად მიაჩნდათ ნათლისმცემელი, და ამიტომ მრავლად იწყეს მასთან მოსვლა, რათა ეღიარებინათ ცოდვები და შეესრულებინათ იოანესაგან წყლით განწმენდის წესი. ცოდვების აღიარების შემდგომ წმიდა იოანე მასთან მისულთ აყენებდა მდინარე იორდანეში და ბანდა წყლით. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ მათ შეინანეს და განიბანეს ქვეყნიური ჭუჭყი. მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავდა იმას, რომ ისინი ამის შემდეგ იყვნენ ცოდვისაგან თავისუფალნი, უცოდველნი. იორდანის წყალს შეეძლო განებანა მხოლოდ გარეგანი ადამიანური ჭუჭყი, შინაგანის განსაწმენდად ის უძლური იყო. იორდანის წყალს არ შეეძლო განეწმინდა ადამიანის სული, რადგან თვითონ იყო განსაწმედი. სულის განწმენდა შესაძლებელი იყო მხოლოდ წმიდა სულით. წმიდა იოანე ნათვლისას აკი ეუბნებოდა ხალხს, რომ: „მე უკვე ნათელგცემ თქუენ წყლითა სინანულად, ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს უძლიერეს ჩემსა არს, რომელსა ვერ შემძლებელ ვარ ხამლთა მისთა ტვირთვად. მან ნათელგცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა" (მთ. 3, 11).

და აი დადგა ის კურთხეული დღე, როცა მდინარე იორდანის ნაპირას გამოჩნდა იესო ქრისტე, რათა იოანესგან მიეღო ნათელი. ხალხმა არაფერი იცოდა ქრისტეზე, ის მათთვის იყო ჩვეულებრივი კაცი გალილეველი. იოანე კი სული წმიდის ჩაგონებით მაშინვე მიხვდა, რომ მის წინ იდგა განხორციელებული ღმერთი. შეკრთა, ძრწოლა დაეუფლა დიდი. „ეს არის ის, ვისთვისაც იყო ყოველი წინასწარმეტყველება დაწერილი. ეს არის ის, ვისაც უნდა მოეტანა ადამიანისათვის ცხოვრება დაუსრულებელი". თავად სიწმიდე იდგა მის წინ. „თუ ასეა წმიდას რად უნდა განწმედა წყლით?" – ამას ფიქრობდა გულში ნათლისმცემელი და ისღა მოახერხა ძრწოლით წარმოეთქვა შემდეგი სიტყვები: „მე მეკუთვნის შენ მიერ ნათლისღება და შენ ჩემდა მოხუალ?" (მთ. 3, 14).

ხალხი დიდად იყო გაკვირვებული, ვერაფრით აეხსნათ ნათლისმცემლის ძრწოლის მიზეზი. ბოლოს იესომ შეახსენა იოანეს, რომ მან უნდა შეასრულოს ყოველივე, რაც მას ღვთისაგან აქვს დავალებული. წმიდა იოანე ნათლისმცემელს არ შეეძლო წარმოდგენა იმისა, თუ როგორ შეიძლებოდა მას, უბრალო კაცს, ღმერთკაცზე შეესრულებინა წყლით განწმედის წესი? ვერ ხვდებოდა ნათლისმცემელი იმასაც, თუ როგორ შეიძლებოდა მდინარეში განსაწმედად ჩამდგარიყო ის, ვისგანაც მოელოდნენ განწმედას ასობით ათასობით ადამიანები? მაგრამ ახლა განსჯის დრო აღარ იყო. მას უნდა გაეკეთებინა ის, რასაც მოითხოვდა მის წინაშე მდგომი მაცხოვარი. როგორც კი ქრისტე შევიდა წყალში, მოხდა საკვირველება დიდი. მდინარე თითქოს ვეღარ ეტეოდა თავის კალაპოტში და დაეუფლა ღელვა საკვირველი: აქედან ხელაპყრობილი – ნათლისმცემელი, იქით შეშფოთებული ხალხი, რომლებიც ჯერაც ვერ მიმხვდარიყვნენ, თუ რა ხდებოდა იმათ თვალწინ. და ბოლოს შემაძრწუნებელი ხმა მამა ღმერთისა ზეციდან, რომელმაც დაამოწმა, რომ იორდანეზე ინათლებოდა თვით ღმერთი. ამ დროს სული წმიდა გარდამოვიდა ზეცით და დაადგა იესო ქრისტეს მტრედის სახით. ახლა კი განცხადდა ღვთაებრიობა ნათელღებული იესო ქრისტესი.

ასე რომ, საყვარელნო, დღეს ქრისტემ იორდანეში იღო ნათელი და ამ ნათელმა განწმიდა და განანათლა წყალნი ქვეყანისანი. დღეს უბრალო წყალმა სული წმიდის მადლით მიიღო ბუნება სიწმიდისა და მარადიულობისა.

თავის დროზე საკვირველი ნათლისღება იესო ქრისტესი საჭირო იყო ადამიანთა განწმედისა და რწმენაში განმტკიცებისათვის. დღესაც იგივე მნიშვნელობა აქვს მას ჩვენთვის. დღეს ქრისტეს მიერ ისევე ეკურთხება წყალი მორწმუნეთათვის, დღეს კვლავ ხდება ჩვენს თვალწინ დიდი სასწაული, უბრალო წყალი გახდება წყალი – განსაკუთრებული, რომელსაც ვერას დააკლებს დრო და ჟამი. ჩვეულებრივი წყალი ძნელად ინახება რამოდენიმე დღითაც კი, ნაკურთხი წყალი კი შეიძლება შევინახოთ წლობით და ისეთივე წმიდა და კამკამა იქნება, როგორც იყო კურთხევის წინ. ეს არის ღვთის დიდი წყალობა, რაც უტყვი ნიშანია იმისა, რომ უფალი დღესაც ზრუნავს ჩვენთვის, ჩვენი განკურნებისა და გადარჩენისათვის.

მაგრამ, საყვარელნო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფლის ნათლისღებას წინ უძღოდა ნათლისღება სინანულის. წმიდა იოანე ნათლისმცემელთან მისულნი აღიარებდნენ ცოდვებს და შემდეგ ინათლებოდნენ. ეს ნიშანია იმისა, რომ ჩვენს ნათლისღებასაც წინ უნდა წარუმძღვაროთ განწმედა ჩვენი, წინააღმდეგ შემთხვევაში რამდენიც არ უნდა მიიღოს კაცმა განწმედილი და ნაკურთხი წყალი, არას არგებს იგი. თუ არ არის წმიდა წყლის მისაღებად მომზადებული კაცი, თუ არ სწამს მას, რომ იესო ქრისტე არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია განწმიდოს მისი სული და სხეული, მაშინ ვერც ქრისტეს მიერ განწმედილი წყალი იქნება მისთვის სიკეთის მომტანი. ამიტომაა საჭირო მისი მიღება რწმენითა და სინანულით.

ქრისტეს მიერ საყვარელნო, დღეს ჩვენ დიდ წყალობას გვიმზადებს უფალი. ნაკურთხმა წყალმა უნდა განაახლოს ჩვენი დამძიმებული სული და სხეული, მან უნდა შემოიტანოს თითოეულ ჩვენგანში სული წმიდის მადლი და მასთან ერთად სიხარული. ამიტომ გისურვებთ საკურნებელად გექცეთ იგი. მან გაანათლოს თქვენი სულები, ოჯახები, ეკლესია და ერი.

ღმერთმა მრავალ წყალკურთხევას დაგასწროთ ყველანი, ამინ!

1987 წ. სვეტიცხოველი

ნანახია: 722 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz