სტატისტიკა |
|
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 | |
|
|
| | |
| მთავარი » 2011 » ივნისი » 22 » პავლეს ეპისტოლენი – ეფესელთა მიმართ 06
23:17 პავლეს ეპისტოლენი – ეფესელთა მიმართ 06 |
პავლეს ეპისტოლენიეფესელთა მიმართთარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა თავი მეექვსე- შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგანაც ეს სამართლიანია.
- „პატივი ეცი მამას შენსას და დედას", ესაა პირველი მცნება აღთქმით, -
- რათა სიკეთე არ მოგეშალოს და დღეგრძელი იყო ამ ქვეყნად.
- თქვენ კი, მამებო, მოთმინებიდან ნუ გამოიყვანთ შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის შეგონებით და სწავლით.
- მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით, ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს;
- არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, სულით რომ ასრულებენ ღვთის ნებას.
- კეთილი ნებით ჰმონებდეთ მათ, როგორც უფალს, და არა როგორც ადამიანებს.
- იცოდეთ, რომ ყველა, მონაც და თავისუფალიც, ვინც კი სიკეთეს სჩადის, საზღაურს მიიღებს უფლისგან.
- თქვენც, ბატონებო, ასევე ექცეოდეთ მონებს; დაიოკეთ სისასტიკე, გახსოვდეთ, რომ ცაშია თქვენი და მათი უფალი, ვისთვისაც უცხოა მიკერძოება.
- და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებითდა მისი ძალის სიმტკიცით.
- შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,
- რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.
- ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.
- მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ,
- ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად.
- ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას,
- აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
- ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის,
- ისევე, როგორც ჩემთვის, რათა მომეცეს სიტყვა და ჩემი პირით თამამად ვიქადაგო სახარების საიდუმლო,
- რისთვისაც ვმოციქულობ ბორკილდადებული და თამამად ვლაპარაკობ, რისი თქმაც მმართებს.
- ხოლო ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა და უფლის ერთგული მსახური,
- რომელიც სწორედ იმიტომ წარმოვგზავნე, რომ ჩვენი ამბავი შეეტყობინებინა და ენუგეშებინა თქვენი გულები.
- მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენითურთ, მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
- მადლი ყველას, ვისაც უცვლელი სიყვარულით უყვარს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ.
|
ნანახია: 798 |
დაამატა: guka-2001
| რეიტინგი: 0.0/0 |
| |
| | |
|
|