სტატისტიკა |
|
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 | |
|
|
| | |
| მთავარი » 2011 » ივნისი » 23 » პავლეს ეპისტოლენი – მეორე კორინთელთა მიმართ 01
10:37 პავლეს ეპისტოლენი – მეორე კორინთელთა მიმართ 01 |
პავლეს ეპისტოლენიმეორე კორინთელთა მიმართთარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა თავი პირველი- პავლე, ღვთის ნებით მოციქული იესო ქრისტესი, და ძმა ტიმოთე – ღვთის ეკლესიას, რომელიც არის კორინთოში, მთელს აქაიაში მყოფ ყველა წმიდასთან ერთად:
- მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
- კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მამა მოწყალებისა და ღმერთი ყოველგვარი ნუგეშისა,
- ყოველნაირ გასაჭირში რომ გვანუგეშებს, რათა ჩვენც შეგვეძლოს ვანუგეშოთ ყოველი გაჭირვებული იმ ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი.
- ვინაიდან როგორც ქრისტეს ვნებანი მრავლდებიან ჩვენში, მრავლდება ქრისტეს მიერ ჩვენი ნუგეშიც.
- რადგან, თუ გვიჭირს, თქვენი ნუგეშისა და ხსნისათვის გვიჭირს, ხოლო თუ ვინუგეშებით, ისევ თქვენივე ნუგეშისათვის, რათა შეგაძლებინოთ იმავე ტანჯვის ატანა, რასაც ჩვენ ვიტანთ.
- მტკიცეა ჩვენი იმედი თქვენს მიმართ, რადგანაც ვიცით, რომ არა მარტო ჩვენი ტანჯვის თანამოზიარენი ხართ, არამედ ნუგეშისაც.
- ამიტომ გვინდა იცოდეთ, ძმანო, რა საშინლად გაგვიჭირდა ასიაში, ისე, რომ ლამის სიცოცხლეც კი აუტანელი გაგვიხდა.
- მაგრამ თვითონვე გამოვუტანეთ ჩვენს თავს სასიკვდილო განაჩენი, რათა ჩვენი თავის იმედი კი აღარ გვქონდა, არამედ ღვთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს;
- სწორედ მან გვიხსნა ამნაირი სიკვდილისაგან, ახლაც გვიხსნის და იმედი გვაქვს, რომ კვლავ დაგვიხსნის;
- რაშიაც თქვენც შეგვეწევით თქვენი ლოცვებით, რათა ამდენი ხალხის მეოხებით მიღებული მადლისათვის მრავალმა მოგვაგოს მადლი.
- რადგანაც ჩვენი სიქადული ისაა, რასაც გვიმოწმებს ჩვენი სინიდისი, რომ სიწრფელითა და საღმრთო სიწმიდით, ხორციელი სიბრძნით კი არა, არამედ ღვთის მადლით ვცხოვრობდით ამ ქვეყნად, მით უმეტეს, თქვენს შორის.
- სხვა რამეს კი არა გწერთ, არამედ იმას, რასაც კითხულობთ ან იმეცნებთ და, იმედი მაქვს, ბოლომდე შეიმეცნებთ.
- ისევე, როგორც ნაწილობრივ უკვე შეიცნეთ, რომ ჩვენ თქვენი სიქადული ვართ, ხოლო თქვენ – ჩვენი, უფალ იესოს დღეს.
- ამაში დარწმუნებული ჯერ თქვენთან ვაპირებდი მოსვლას, რათა მეორედაც მიგეღოთ მადლი;
- თქვენგან კი მაკედონიაში წავსულიყავი, ხოლო მაკედონიიდან კვლავ გწვეოდით, რათა იუდეაში გაგეცილებინეთ.
- ამის მოსურნე ცოტა ხომ არ ავმჩატდი? ან, იქნებ, რასაც ვფიქრობ, ხორციელად ვფიქრობ, რათა ერთდროულად მქონდეს „ჰო-ჰოც" და „არა-არაც"?
- მაგრამ ღმერთია მოწმე, რომ ჩვენი სიტყვა თქვენს მიმართ არ ყოფილა ხან „ჰო" და ხან „არა".
- რადგანაც ძე ღვთისა, იესო ქრისტე, რომელსაც თქვენს შორის ვქადაგებდით მე, სილვანუსი და ტიმოთე, არ ყოფილა „ჰოც" და „არაც", არამედ მხოლოდ „ჰო" იყო მასში.
- ვინაიდან ღმერთის ყოველი აღთქმა „ჰოა" მასში და „ამინია" მასში, ღვთის სადიდებლად ჩვენს მიერ.
- ხოლო ვინც თქვენთან ერთად განგვამტკიცა ქრისტეში და ცხებულნი გვყო, ეს არის ღმერთი,
- რომელმაც ასევე აღვგბეჭდა და მოგვცა წინდი სულისა ჩვენს გულებში.
- და მე ღმერთს ვუხმობ ჩემი სულის მოწმედ, რომ გინდობდით და ამიტომ დღემდე არ მოვსულვარ კორინთოში;
- იმიტომ კი არა, რომ თქვენს რწმენაზე ვიუფლოთ, არამედ იმიტომ, რომ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს, რადგანაც რწმენითა დგახართ.
|
ნანახია: 753 |
დაამატა: guka-2001
| რეიტინგი: 0.0/0 |
| |
| | |
|
|