სტატისტიკა |
|
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 | |
|
|
| | |
| მთავარი » 2011 » ივნისი » 23 » პავლეს ეპისტოლენი – მეორე კორინთელთა მიმართ 11
10:26 პავლეს ეპისტოლენი – მეორე კორინთელთა მიმართ 11 |
პავლეს ეპისტოლენიმეორე კორინთელთა მიმართთარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა თავი მეთერთმეტე- რა იქნება, ცოტათი მაინც რომ იტანდეთ ჩემს უგუნურებას?! მაგრამ ამიტანეთ.
- რადგანაც საღვთო შურით მშურს თქვენთვის, ვინაიდან დაგწინდეთ ერთ კაცზე, რათა უბიწო ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე.
- მაგრამ ვშიშობ, როგორც გველმა თავისი ზაკვით აცთუნა ევა, ვაითუ თქვენი გონებაც ასევე შეირყვნას და განეშოროს ქრისტესმიერ სიწმიდეს.
- რადგანაც თუ მოვიდა ვინმე, რათა გიქადაგოთ სხვა ქრისტე, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია, ან მიგაღებინოთ სხვა სული, რომელიც არ მიგიღიათ, ან კიდევ – სხვა სახარება, რომელიც არ გხარებიათ, – დიახაც შეიწყნარებთ მას.
- მაგრამ, ვფიქრობ, არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები.
- მართალია, უბირი ვარ სიტყვით, მაგრამ არა ცოდნით; თუმცა აკი მშვენივრად მიცნობთ.
- ნუთუ შევცოდე, რომ თავი დავიმდაბლე, რათა ამემაღლებინეთ, რაკიღა უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას?
- სხვა ეკლესიებს ვაკლებდი და სანოვაგეს ვიღებდი მათგან, რომ თქვენ მოგმსახურებოდით; ხოლო თქვენს შორის ყოფნისას,თუმცა მიჭირდა, არავისთვის შემიწყენია თავი.
- რადგანაც ჩემი ნაკლულება შეავსეს მაკედონიიდან მოსულმა ძმებმა; თუმცა, სხვა მხრივაც, ისე გამქონდა თავი, რომ არ შემიწუხებიხართ, და კვლავ გავიტან.
- ქრისტეს ჭეშმარიტება ნუ მომეშალოს, რომ ამ სიქადულს ვერვინ წამართმევს აქაიის ვერცერთ მხარეში.
- რატომ? იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა ხომ იცის!
- მაგრამ რასაც ახლა ვაკეთებ, იმასვე გავაკეთებ, რათა საბაბი არ მივცე საბაბის მძებნელთ, და ამრიგად, რითაც იქადიან, იმითაც ჩვენი მსგავსნი აღმოჩნდნენ.
- რადგანაც ასეთნი არიან ცრუმოციქულნი, ზაკვის მოქმედნი, ქრისტეს მოციქულებად გარდასახულნი.
- თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს.
- ჰოდა, რა დიდი საქმეა, რომ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ? მაგრამ მათივე საქმისამებრ იქნება მათი აღსასრულიც.
- კვლავაც ვიტყვი: ნურავინ მიმიჩნევს უგუნურად, თუ არა და, ისე მაინც მიმიღეთ, როგორც უგუნური, რათა ცოტა რამ მეც მქონდეს სასიქადულო.
- რასაც ვამბობ, ამნაირად რომ ვიქადი, უფლის მიხედვით როდი ვამბობ, არამედ უგუნურებით.
- რაკიღა ბევრი იქადის ხორციელად, მეც შემიძლია ვიქადოდე.
- რადგანაც თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ.
- იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში.
- სირცხვილით ვამბობ, თითქოსდა ჩვენც დავუძლურდით; მაგრამ თუ ვინმე ბედავს დაიქადოს, უგუნურებით ვიტყვი: მეც ვბედავ.
- ებრაელები არიან? მეც; ისრაელიტები არიან? მეც; აბრაამის თესლი არიან? მეც;
- ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურებით ვიტყვი: მე – უმტესად; შრომით – უმეტესად, გვემით – უმეტესად, დილეგში გდებით უმრავლესად, სიკვდილის მუქარით – უხშირესად.
- იუდეველთაგან ხუთგზის ვიწვნიე ორმოცი დარტყმა, ერთის დაკლებით.
- სამჯერ გამჯოხეს, ერთხელ ჩამქოლეს, სამჯერ გემი დამემსხვრა, დღე და ღამე უფსკრულში დავყავი.
- ერთავად გზებზე ვიყავი გაკრული, განსაცდელი მდინარეებზე, განსაცდელი ყაჩაღთაგან, განსაცდელი თვისტომთაგან, განსაცდელი წარმართთაგან, განსაცდელი ქალაქში, განსაცდელი უდაბნოში, განსაცდელი ზღვაზე, განსაცდელი ცრუ ძმათა შორის.
- შრომით და რუდუნებით, ხშირი ღამის თევით, შიმშილით და წყურვილით, მრავალგზისი მარხვით, სიცივით და სიშიშვლით.
- გარდა ამისა, ჩემი ყოველდღიური საფიქრალი – ზრუნვა ყველა ეკლესიაზე.
- ვინ უნდა დაუძლურდეს, რომ მასთან ერთად არ დავუძლურდე? ვინ უნდა დაეცეს, რომ ცეცხლი არ შემომენთოს?
- თუ საჭიროა სიქადული, შემიძლია ჩემი უძლურებით დავიქადო.
- ღმერთმა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამამ, რომელიც კურთხეულია უკუნითი უკუნისამდე, იცის, რომ არ ვცრუობ.
- დამასკოში არეტა მეფის მთავარს მეთვალყურენი ჩაეყენებინა მთელ ქალაქში, რადგანაც ჩემი შეპყრობა სურდა.
- მაგრამ სარკმლიდან გოდრით ჩამომიშვეს გალავნის ჩასწვრივ, და ამრიგად დავუსხლტი მას.
|
ნანახია: 789 |
დაამატა: guka-2001
| რეიტინგი: 0.0/0 |
| |
| | |
|
|