სტატისტიკა |
|
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 | |
|
|
| | |
| მთავარი » 2011 » ივნისი » 23 » პავლეს ეპისტოლენი – პირველი კორინთელთა მიმართ 14
10:39 პავლეს ეპისტოლენი – პირველი კორინთელთა მიმართ 14 |
პავლეს ეპისტოლენიპირველი კორინთელთა მიმართთარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა თავი მეთოთხმეტე- მისდიეთ სიყვარულს, ილტვოდეთ სულიერ ნიჭთა მიმართ, უპირატესად კი იმისადმი, რასაც წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქვია.
- რადგან ვინც უცხო ენაზე მეტყველებს, კაცთა მიმართ კი არა, ღვთის მიმართ მეტყველებს, და არავის ესმის მისი, ვინაიდან სულით აცხადებს საიდუმლოს.
- ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, კაცთა შესაგონებლად, ასაშენებლად და სანუგეშებლად მეტყველებს.
- ვინც ენით მეტყველებს, თავის თავს აშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ეკლესიას აშენებს.
- მე მინდა ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი – წინასწარმეტყველებდეთ, რადგანაც წინასწარმეტყველი ენებით მეტყველზე უმეტესია, თუკი ეს უკანასკნელი კიდევაც არ განმარტავს თავის სიტყვებს ეკლესიის ასაშენებლად.
- ახლა კი, ძმანო, რომ მოვიდე თქვენთან და უცხო ენაზე დაგიწყოთ ლაპარაკი, რას გარგებთ, თუკი გამოცხადებით, ცოდნით, წინასწარმეტყველებით ან მოძღვრებით არაფერს გეტყვით?
- თვით უსულო საგნებიც კი, რომლებიც ხმას გამოსცემენ, ვთქვათ, სალამური ანდა ებანი, თუკი ბგერათა განსხვავებას ვერ გვაძლევენ, როგორ გავიგებთ, რას უკრავს სალამური ანდა ებანი?
- თუკი საყვირი გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საომრად?
- ასევე თუ თქვენც გაურკვეველ სიტყვებს წარმოსთქვამთ ენით, როგორ გაიგებენ თქვენს ნათქვამს? ქარს ატანთ სიტყვებს.
- ასე მაგალითად, რამდენი სხვადასხვა სიტყვაა ამ ქვეყანაზე და არცერთი მათგანი არ არის უმნიშვნელო.
- მაგრამ თუ სიტყვის მნიშვნელობა არ მესმის, მოლაპარაკისათვის მე უცხო ვარ და მოლაპარაკე უცხოა ჩემთვის.
- ასევე თქვენც, სულიერ ნიჭთა მიმართ ლტოლვისას, ეცადეთ ეკლესიის ასაშენებლად გამდიდრდეთ მათი წყალობით.
- ამიტომ ენით მოლაპარაკემ ილოცოს, რომ განმარტებაც შეეძლოს.
- ვინაიდან როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს,გონება კი უნაყოფოა.
- რა ვქნა? თუ სულით ვლოცულობ, გონებითაც ვილოცებ, ხოლო თუ სულით ვგალობ, გონებითაც ვიგალობებ.
- რადგანაც თუ სულით აკურთხებ, როგორ თქვას უმეცარმა მსმენელმა შენი კურთხევისას „ამინ", თუკი არ ესმის, რას ამბობ?
- კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვას კი ვერ აშენებ.
- ვმადლობ ღმერთს ჩემსას, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით.
- მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში მხოლოდ ხუთი სიტყვა ვთქვა გონებით, რათა სხვებსაც გავაგებინო, ვიდრე ურიცხვი სიტყვა წარმოვთქვა ენით.
- ძმანო, ნუ იქნებით ყრმანი გონებით; ბოროტისათვის ყრმანი იყავით, მაგრამ – სრულწლოვანნი გონებით.
- რჯულში სწერია: „უცხო ენებითა და უცხო ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს, მაგრამ მაშინაც არ მომისმენენ, ამბობს უფალი".
- ამრიგად, ენები მორწმუნეთათვის კი არაა ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის, წინასწარმეტყველება კი – მორწმუნეთათვის და არა ურწმუნოთათვის.
- მთელი ეკლესია რომ ერთად შეიყაროს და ყველა სხვადასხვა ენაზე მოჰყვეს ლაპარაკს, ამ დროს კი შემოვიდნენ უმეცარნი და ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილანო?
- მაგრამ როდესაც ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვიდეს ვინმე ურწმუნო, ანდა უვიცი, ყველა მას ამხელს და განიკითხავს.
- ასე გამჟღავნდება მისი გულის საიდუმლო, პირქვე დაემხობა, თაყვანს სცემს ღმერთს და იტყვის, რომ ჭეშმარიტად თქვენს შორისაა ღმერთი.
- მაშ, რა ვქნათ, ძმანო? როდესაც იკრიბებით, თვითეულ თქვენგანს თანა აქვს ფსალმუნი, აქვს მოძღვრება, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება, – ყოველივე ეს ასაშენებლად იყოს.
- თუ ვინმე ლაპარაკობს ენით, ილაპარაკოს ორმა, ან, დიდი-დიდი, სამმა, რიგრიგობით, ერთმა კი განმარტოს.
- ხოლო თუ არავინაა განმმარტებელი, სიჩუმე იყოს ეკლესიაში და ყველა თავის თავს ან ღმერთს ელაპარაკოს.
- წინასწარმეტყველთაგან ილაპარაკოს ორმა ან სამმა, დანარჩენებმა კი განსაჯონ.
- ხოლო თუ მჯდომარეთაგან ვინმეს მიეცემა გამოცხადება, პირველი დადუმდეს.
- რადგანაც ყველას შეგიძლიათ ერთიმეორის მიყოლებით იწინასწარმეტყველოთ, რათა ყველამ ისწავლოს და ნუგეშცემულ იქნეს.
- წინასწარმეტყველთა სულები წინასწარმეტყველებს ჰმორჩილებენ.
- რადგანაც ღმერთი აშლილობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა; ასეა წმიდათა ყველა ეკლესიაში.
- ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც.
- ხოლო თუ რისიმე სწავლა სურთ, ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგანაც ქალისთვის საძრახისია ეკლესიაში ლაპარაკი.
- განა თქვენგან გამოვიდა ღვთის სიტყვა? ან მარტო თქვენამდე მოაღწია?
- ვისაც წინასწარმეტყველად ან სულიერად მიაჩნია თავი, მიხვდეს, რომ რასაც გწერთ, უფლის მცნებაა.
- ხოლო ვისაც არ ესმის, ნუ ესმის.
- მაშ, წინასწარმეტყველებას ესწრაფეთ, ძმანო, მაგრამ ნურც ენებით ლაპარაკს აიკრძალავთ.
- მხოლოდ ყველაფერი ისე იყოს, როგორც წესი და რიგია.
|
ნანახია: 889 |
დაამატა: guka-2001
| რეიტინგი: 0.0/0 |
| |
| | |
|
|