სტატისტიკა |
|
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 | |
|
|
| | |
| მთავარი » 2011 » ივნისი » 22 » პავლეს ეპისტოლენი ფილიპელთა მიმართ 2
23:15 პავლეს ეპისტოლენი ფილიპელთა მიმართ 2 |
პავლეს ეპისტოლენიფილიპელთა მიმართთარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა თავი მეორე- ამრიგად, თუ არის რაიმე ნუგეში ქრისტეში, თუ არის რაიმე სიამე სიყვარულისა, თუ არის რაიმე თანაზიარობა სულისა, თუ არის რაიმე თანალმობა ან წყალობა,
- აღავსეთ ჩემი სიხარული, რათა იყოთ თანამზრახველნი, ერთი და იმავე სიყვარულით გულშეძრულნი, ერთსულოვანნი და თანამოაზრენი.
- ნურას ჩაიდენთ ცილობით და ცუდმედიდობით, არამედ, ქედმოდრეკილნი, საკუთარ თავზე უმეტესად მიიჩნევდეთ ერთიმეორეს.
- მარტო თავის თავზე ნუკი ზრუნავს თვითეული თქვენგანი, არამედ სხვებზეც იზრუნოს.
- იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს,
- რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა.
- მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა.
- თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.
- ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა,
- რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც,
- და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.
- ამრიგად, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის მორჩილნი იყავით, არა მარტო ჩემი მანდ ყოფნისას, არამედ, მით უმეტეს, ახლა, როცა შორსა ვართ თქვენგან, – შიშით და ძრწოლით აღასრულეთ თქვენი ხსნის საქმე.
- რადგან ღმერთია ის, ვინც ბადებს თქვენში ნდომასაც და ქმედებასაც თავისი კეთილნებელობით.
- ყველაფერი აღასრულეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ,
- რათა იყოთ უბიწონი და უმანკონი, ღვთის უმწიკვლო შვილნი უკუღმართ და გახრწნილ მოდგმაში, რომელშიც ნათობთ, როგორც მნათობნი სამყაროში,
- სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი, რათა ქრისტეს დღეს დავიქადო, რომ ამაოდ არ ვრბოდი და არც ამაოდ ვიღვწოდი.
- მაგრამ სისხლადაც რომ ვესხურო თქვენი რწმენის მსხვერპლს და მსახურებას, თქვენთან ერთად ვილხენ და ვხარობ.
- მაშ, თქვენც ილხენდეთ და ხარობდეთ ჩემთან ერთად.
- იმედი მაქვს, თუ უფალმა ჩვენმა ქრისტემ ინება, მალე გაახლოთ ტიმოთე, რათა შევიტყო თქვენი ამბავი და მეც გავმხნევდე სულით.
- რადგანაც სხვა არავინ მყავს ჩემი სულის თანაზიარი, მასავით წრფელად რომ ზრუნავდეს თქვენზე.
- ვინაიდან ყველა თავისას ეძებს და არა იესო ქრისტესას.
- მის გამოცდილებას კი იცნობთ, ვინაიდან, როგორც მამას – შვილი, ისე ემსახურა სახარებას ჩემთან ერთად.
- ასე რომ, იმედი მაქვს მალე გაახლოთ, როგორც კი გავიგებ, რა მელის.
- მჯერა უფლისა, რომ თვითონაც მალე გეწვევით.
- მაგრამ საჭიროდ მივიჩნიე გამომეგზავნა ეპაფროდიტოსი, ჩემი ძმა, ჩემი თანამოსაქმე და თანამებრძოლი, იგივე თქვენი მოციქული და ჩემი გაჭირვების მსახური.
- რადგანაც გულით უნდოდა ყველა თქვენგანის ნახვა და ძალზე შეწუნდა, როცა გაიგო, რომ თქვენამდეც მოუღწევია მისი ავადმყოფობის ამბავს.
- და მართლაც, ისე ავად იყო, რომ კინაღამ ხელიდან გამოგვეცალა, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა ის, და არა მარტო ის,არამედ მეც, რათა მწუხარება მწუხარებაზე არ დამრთვოდა.
- ამიტომ საჩქაროდ გამოვგზავნე, რომ გაგეხარათ მისი ხილვით და მეც მომკლებოდა სადარდელი.
- მთელი სიხარულით შეიწყნარეთ იგი უფალში და პატივი ეცით მისთანებს.
- ვინაიდან ქრისტეს სამსახურისათვის გადადო და სასიკვდილოდ გასწირა თავი, რათა ჩემდამი თქვენი სამსახურის დანაკლისი შეევსო.
|
ნანახია: 772 |
დაამატა: guka-2001
| რეიტინგი: 0.0/0 |
| |
| | |
|
|