სტატისტიკა |
|
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 | |
|
|
| | |
| მთავარი » 2011 » ივნისი » 22 » აპოკალიფსი – 07
|
იოანეს გამოცხადებათარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა თავი მეშვიდე- შემდგომ ამისა, ვიხილე ოთხი ანგელოზი, ქვეყნის ოთხსავ კიდეზე მდგარი, და ეპყრათ ოთხი ქარი მიწისა, რათა არ ექროლა ქარს არც ხმელზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხის მიმართ.
- და ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლით აღმომავალი, რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი, და ხმამაღლა შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცა ვნება მიწის და ზღვისა:
- ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს.
- და მომესმა აღბეჭდილთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი იყო აღბეჭდილი ისრაელის ძეთა ყოველი ტომიდან:
- იუდას ტომიდან თორმეტი ათასი აღბეჭდილი, რუბენის ტომიდან თორმეტი ათასი, გადის ტომიდან თორმეტი ათასი,
- ასერის ტომიდან თორმეტი ათასი, ნეფთალების ტომიდან თორმეტი ათასი, მანასეს ტომიდან თორმეტი ათასი,
- სიმონის ტომიდან თორმეტი ათასი, ლევის ტომიდან თორმეტი ათასი, ისახარის ტომიდან თორმეტი ათასი,
- ზაბულონის ტომიდან თორმეტი ათასი, იოსების ტომიდან თორმეტი ათასი, ბენიამინის ტომიდან თორმეტი ათასი აღბეჭდილი.
- შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, ურიცხვი ხალხი, რომელსაც ვერვინ დათვლიდა, ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან, სპეტაკი სამოსით მოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინაშე, და ხელთ ეპყრა პალმის რტონი.
- ხმამაღლა ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ხსნა ჩვენი ღმერთის, ტახტზე მჯდომარისა, და კრავისაგან არის!
- ყველა ანგელოზი, რომელიც იდგა ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ, პირქვე დაემხო ტახტის წინაშე, თაყვანი სცა ღმერთს და თქვა:
- ამინ! კურთხევა და დიდება, სიბრძნე და მადლიერება, პატივი, ძალა და სიმტკიცე ღმერთსჩვენსას უკუნითი უკუნისამდე.
- მომმართა ერთმა უხუცესმა და მითხრა: ვინ არიან ეს სპეტაკი სამოსით მოსილნი, ან საიდან მოსულან?
- მე მივუგე: უფალო ჩემო, შენ იცი. ხოლო მან მითხრა: ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი.
- ამიტომაც არიან ღვთის ტახტის წინაშე, ვისაც დღე და ღამ ემსახურებიან მის ტაძარში, და ტახტზე მჯდომარე დაიფარავს მათ თავისი კარვით.
- ასე რომ, აღარც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც ხვატი.
- რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს
|
ნანახია: 710 |
დაამატა: guka-2001
| რეიტინგი: 0.0/0 |
| |
| | |
|
|