სტატისტიკა |
|
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 | |
|
|
| | |
| მთავარი » 2011 » ივნისი » 21 » აპოკალიფსი – 18
|
იოანეს გამოცხადებათარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა თავი მეთვრამეტე- შემდგომ ამისა, ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა დიდი ხელმწიფება, და განათდა დედამიწა მისი დიდებით.
- შეღაღადა და ხმამაღლა თქვა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, და ეშმაკთა სამკვდროდ, ყოველი უწმინდური სულის სამყოფლად და ყოველი უწმინდური და ბილწი ფრინველის საბუდრად იქცა.
- რადგანაც მისი სიძვის მძვინვარე ღვინით დაითრო ყველა ხალხი, ქვეყნის მეფეებმა ისიძვეს მასთან და ქვეყნის ვაჭარნი დამდიდრდნენ მისი ფუფუნების სიუხვით.
- და მომესმა მეორე ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით.
- რადგანაც უწიეს მისმა ცოდვებმა ზეცას, და გაიხსენა ღმერთმა უსამართლობა მისი.
- მიაგეთ მას, როგორც მან მოგაგოთ და, მისი საქმისამებრ, ორმაგადაც მიაგეთ; სასმისით, რომლითაც გასმევდათ, ორმაგად ასვით მას.
- რამდენადაც მოჰქონდა თავი დიდებით და ფუფუნებით, იმდენადვე მიაგეთ ტანჯვა-ვაება; რადგანაც გულში ამბობს: დედოფლად ვზივარ, ქვრივი როდი ვარ, და არ ვიხილავ გლოვას.
- ამიტომაც მოვლენ ერთ დღეს მისი წყლულებანი, სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვის ცეცხლით, რადგანაც ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას.
- იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო ქვეყნის მეფენი, რომელნიც სიძვით და ფუფუნებით ცხოვრობდნენ მასთან, როდესაც იხილავენ მისი ხანძრის კვამლს.
- და მისი ტანჯვის შიშით შორს გამდგარნი ასე იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, მძლავრო ქალაქო, რადგანაც ერთ საათში მოვიდა შენი განკითხვა.
- ქვეყნის ვაჭარნი იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო, რადგანაც აღარავინ იყიდის მათ საქონელს,
- ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებს და მარგალიტს, ბისონს და პორფირს, აბრეშუმსა და ძოწეულს, სურნელოვან ხეს და სპილოს ძვლის ნაირგვარ ნაკეთობას, ძვირფასი ხის, რვალის, რკინისა თუ მარმარილოს ათასგვარ ჭურჭელს,
- დარიჩინსა და საკმეველს, გუნდრუკს და მირონს, ღვინოს და ზეთს, ფქვილსა და ხორბალს, ცხვარსა და ძროხას, ცხენებს და ეტლებს, კაცთა ხორცსა და სულს.
- შენი სულის სასურველი ხილი გაგშორდა, ყოველივე ბრწყინვალე და პოხიერი ხელიდან გამოგეცალა, და ვეღარასდროს იპოვი მათ.
- ყოველივე ამით მოვაჭრენი, რომელნიც დამდიდრდნენ მისგან, შორს დადგებიან მისი ტანჯვის შიშით, იტირებენ და ივაგლახებენ.
- და იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, პორფირითა და ძოწეულით მოსილო, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკულო.
- რადგანაც ერთ საათში იავარ-იქნა ესოდენ დიდი სიმდიდრე. და ყოველი მესაჭე, მეხომალდე თუ მენავე შორს დადგა;
- და მისი ხანძრის შემყურეთ შებღავლეს და თქვეს: რომელი ქალაქი შეედრებოდა ამ დიდ ქალაქს?
- თავზე ნაცარი წაიყარეს და ტირილითა და გლოვით ამბობდნენ: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, რომლის ძვირფასეულობითაც დამდიდრდა ყველა, ვისაც ხომალდი ჰქონდა ზღვაში: რადგანაც ერთ საათში აოხრდა.
- ხარობდეთ მასზე, ცაო, წმიდაო მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, რადგანაც ღმერთმა თქვენი სამართალი მოჰკითხა მას.
- ერთმა მძლეთა-მძლე ანგელოზმა აიღო ქვა, ვეება დოლაბის მსგავსი, ზღვაში ჩააგდო და თქვა: ასე სწრაფად შთაინთქმება ბაბილონი, დიდი ქალაქი, და აღარ იქნება.
- მეჩანგეთა და მეწინწილეთა, მესტვირეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ იჟღერებს შენში, აღარ დარჩება არცერთი ხელოსანი, არც ხელოსნობა, და დოლაბის ხმა მიწყდება შენში.
- აღარც სანთლის ნათელი ინათებს შენში და მეფე-დედოფლის ხმა ჩაკვდება შენში, რადგანაც შენი ვაჭრები დედამიწის მთავრები იყვნენ და შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი.
- და პოვნილ იქნა შენში წინასწარმეტყველთა, წმიდათა და ამ ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი.
|
ნანახია: 755 |
დაამატა: guka-2001
| რეიტინგი: 0.0/0 |
| |
| | |
|
|