შაბათი
26.05.2018
15:08
 
ჩვენ გვიყვარს საქართველო
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 42
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 18 » დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი: გერგესეველი ეშმაკეულების განკურნება
22:04
დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი: გერგესეველი ეშმაკეულების განკურნება

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

როგორც მოვისმინეთ, დღევანდელი სახარების საკითხავი ეხება უფლის მიერ ორი გერგესეველი ეშმაკეულის განკურნებას. რა უძღოდა ამას წინ? უფალმა გალილეაში, კერძოდ კაპერნაუმში, შეახო ხელი და მხურვალებისაგან განკურნა პეტრე მოციქულის სიდედრი. მერმე მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს, სნეულნი და შეპყრობილნი და განასხა მათგან არაწმინდა სულები. შემდგომად ამისა, მოწაფეებთან ერთად გადასცურა გენესარეთის ტბა და აი, რა მოხდა ამ ტბაზე: აღიძრა დიდი ქარი ისე, რომ დანთქმით ემუქრებოდა ნავს, ხოლო ქრისტეს ღრმად ეძინა, ეძინა არა უზრუნველობის, არამედ გადაღლილობის გამო. მან, ღმერთმა – ხორცნი შეისხა. თუ თქვენ გულისყურით კითხულობთ სახარებას, ნახავდით, რომ ძალზედ ბევრს მიმოდიოდა უფალი ფეხით ქადაგების მიზნით. ამას დაუმატეთ აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის დამახასიათებელი პაპანაქება სიცხე. დამაშვრალი იყო იგი უძლურთა და სნეულთა კურნებითაც. რამდენად უნდა ყოფილიყო გადაღლილი, რომ ვერც წვიმამ, ვერც კვეთებამ ქარისა და ნავის მიმორხევამ ვერ გააღვიძა უფალი გენესარეთის ტბაზე. ასევე მართებული იქნება მოვიგონოთ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველისაგან თქმულიც: იძინებდა იესუ, რათა ძილიც ეკურთხებინა. შეშინებული მოციქულები მიდიან და აღვიძებენ მაცხოვარს: „მოძღუარ, არა ზრუნავ, რამეთუ წარვწყმდებით?" (მარკ. 4. 38). ქრისტემ ამხილა ისინი ნაკლებმორწმუნეობისათვის, შემდეგ კი მიუბრუნდა სტიქიონს, შერისხა, დააცხრო ზღვა და ქარბორბალა, რითაც ყველანი გააოცა. ისე რომ, მრავალ მოწაფეს შიში მოჰგვარა: „და შეეშინა მათ შიშითა დიდითა და იტყოდეს, ურთიერთას: ვინ-მე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას?" (მარკ. 4.41).

„და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა გერგესეველთასა, შეემთხჳნეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვიდრეღა ვერვის ჴელეწიფებოდა წარსვლაჲ მიერ გზით" (მათ. 8.28). პირველ ყოვლისა, აქედან ის ჩანს, რომ გენესარეთის ტბასთან მდებარე გერგესეველთა სოფელი წარმართთა სოფელი იყო; ისიც ჩანს, რომ ქრისტე მოვიდა არა მარტო იუდეველთა საცხოვნებლად, არამედ წარმართებისთვისაც და თქვენ იცით, რომ ერთ-ერთ ბოლო დღეს მისი ჯვარცმის წინ, მოციქულები მოდიან ქრისტესთან და ეუბნებიან: აი, წარმართებმა ითხოვეს შენი დამოწაფება, მიიღებ მათ? ქრისტემ სიხარულით ადიდა ზეციური მამა. ეს ჯერ ერთი, ნიშანი იყო, რომ მოახლოვდა განსვლა მისი ამა სოფლიდან და მერმე ის, რომ მისი მოღვაწეობის მისია აღსრულდა. იესუ მოვიდა არა მარტო იაკობის დაქცეული სახლის აღსადგენად, არამედ ყოველი წარმართის მოსაქცევად. და აი, მას გზაზე შემოხვდა ორი ეშმაკეული, რომლებიც აკლდამებიდან გამოდიოდნენ. იმდენად შეპყრობილნი იყვნენ ეს ეშმაკეულნი, რომ კაცთა შორის აღარ შეეძლოთ ცხოვრება. დატოვეს ისინი და ღრმა აკლდამებსა და საფლავებში ცხოვრობდნენ. ისე რომ, დღისით-მზისითაც კი ეშინოდათ ადამიანებს იქ გავლა.

რითაა საინტერესო დღევანდელი სახარების საკითხავი? ადამიანი, რომელიც ღმერთმა ხატად და მსგავსად შექმნა, მიანიჭა გონიერება, უკვდავება, თავისუფალი ნება, როგორ შეიძლება დაეცეს ცოდვებით, რომ მასში ბოროტი სულები შევიდნენ, თუმცაღა, დღეს ამოკითხული სახარებიდან ვხედავთ, რომ ისეთ ბინძურ პირუტყვშიც კი, როგორიც ღორია, თვით მასშიაც კი, ღვთის დაშვების გარეშე შესვლის უფლება არა აქვს ბოროტ სულს. სხვა მახარებელთან, მარკოზსა და ლუკასთან ნათქვამია სახარების ამ საკითხავზე: როდესაც ქრისტემ განკურნა ისინი, დაარიგა, აღარ შეეცოდათ, რათა უარეს დღეში არ ჩავარდნილიყვნენ (ასევე, როდესაც, თუ გახსოვთ, დამბლადაცემული განწმიდა). საერთოდ, სნულებით შეპყრობილ ავადმყოფს ყოველთვის დარიგებას აძლევს უფალი: წადი და უფრო მეტად არ შესცოდო. „აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ" (იოან. 5.14). მაშ ასე: რა ყოფილა მიზეზი იმისა, რომ ისინი ასე ბოროტად იგვემებოდნენ? – მათი ცოდვები.

ეშმაკეულთა თავისუფალი ნება დაპყრობილია. მათი ტანჯვაც უკვე ერთგვარი გამოსყიდვაა ამ ცოდვებისა. ნუ გამოვცდით უფალს, რომ ამ გზით გამოგვასყიდვინოს ჩვენი ცოდვები, რომელთაც ჩვენდა სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენთაგანი უწოდებს მცირე ცოდვებს, ყოველდღიურ ცოდვებს. არ არსებობს ღვთისმოშიში ქრისტიანისათვის მცირე და დიდი ცოდვა, ყველა ცოდვა არის დიდი და თქვენ იცით, რომ ქრისტიანთ ღმერთი უფრო მკაცრად მოსთხოვს ცოდვებისა გამო, ვიდრე ნებისმიერ წარმართსა და ცოდვილს. აი, ეს უნდა გვახსოვდეს! ღმერთშემოსილი მამაებიც გვასწავლიან, რომ ყველაზე მძიმე ცოდვა ისაა, რომელსაც ცოდვად არა ვთვლით.

ერთი სიტყვით, გზად შემოეყარნენ ქრისტე და მოციქულებს ეშმაკეულნი, რომელნიც საფლავებიდან გამოვიდოდნენ და ღაღადყვეს და იტყოდეს: „რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? მოჴუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა" (მათ. 8.29).

სამწუხაროდ, ზოგიერთ ჩვენთაგანს (პირველ ყოვლისა, მე ვგულისხმობ ახლადმოსულებს ეკლესიაში) არ სჯერათ, რომ არსებობენ დემონები. ისინი სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენებსა თუ ფსიქიურ აშლილობებს მიაწერენ ეშმაკეულობას. მაგრამ ყოველგვარი ავადმყოფობის მიზეზი უპირატესად ცოდვაა, ხოლო ცოდვა გულისთქმიდან მომდინარეობს, ბოროტ გულისთქმებს კი ეშმა შთააგონებს ადამიანს (შეადარეთ იაკ. 1.14,15). ცოდვა ამასთან შობს სიკვდილს, არათუ მხოლოდ სნეულებას, უკეთუ არ მოვინანიებთ. მაშ ღაღადყვეს ეშმაკეულებმა. კი მაგრამ, როგორ ღაღადყვეს, როცა მათ გონებაც კი დაბინდული ჰქონდათ? როგორ შეეძლოთ მათ ძე ღვთისად ეღიარებინათ ქრისტე, როცა მრავალი ისრაელიანთაგან, რომელნიც თითქოს მოელოდნენ მესიის მოსვლას, მათ შორის, პირველ ყოვლისა, მღვდელმთავრები, მღვდლები, ფარისევლები, მწიგნობრები – ე.ი. ყველაზე განათლებული ფენა იუდეველთა – ქრისტეში არ აღიარებდა ძე ღვთისას? მაშ, ვინ ღაღადებს ეშმაკეულებში? მათში ღაღადებს სწორედ ეშმაკი: ძეო ღვთისაო, რად მოხვედი დროზე ადრე ჩვენს სატანჯავად? იოანე ღვთისმეტყველთან ნათქვამია, რომ არავის არ შეუძლია ქრისტეს ძე ღვთისად აღიარება, თუ არა სული წმიდის მადლით. „ამით უწყოდეთ სული ღმრთისაჲ: ყოველმან სულმან, რომელმან აღიაროს იესო ქრისტე ჴორციელად მოსრული, იგი ღმრთისაგან არს" (1. იოანე, 4.2). მაშ, რა ხდება? საოცარი რამ არის თითქოს, ერთი შეხედვით – სული წმიდა იყო ეშმაკებზედ? ლეგეონი ჰყავდათ, როგორც ჩანს მახარებლებიდან, ამ შეპყრობილებს, ასეულობით ეშმაკი თითოეულს. როგორ, ლეგეონზე სული წმიდის მადლი იყო, რომ მათ ქრისტე აღიარეს? არა, მაგრამ მათ, როგორც უწინ სინათლის ანგელოზებმა, უწყიან, რომ ქრისტეა სწორედ იესუ ნაზარეველი, რომლის მიერ აღსრულებული საქმეებიც ყველაზე უკეთ მოწმობენ მის ზეციურ წარმომავლობაზე, როგორც მამაღმერთის მხოლოდშობილ ძეზე. ერთი სიტყვით, შეჰღაღადებენ ქრისტეს არა დაავადებულები სულიერად, ეშმაკეულები, არამედ თვითონ ეშმაკები, ლეგეონი. და თუ თქვენ გახსოვთ, მარკოზსა და ლუკასთან ნათქვამია ისიც, რომ ეშმაკეულებმა არა მარტო ღაღადჰყვეს, არამედ ისინი შეუვრდნენ (მუხლებში ჩაუვარდნენ) კიდეც მაცხოვარს „და ვითარცა იხილა მან იესუ, ღაღად-ყო და შეუვრდა ფერჴთა მისთა და ჴმითა დიდითა იტყოდა…" (ლუკ. 8.28). რა თქმა უნდა, სულიერად დაავადებულს არავითარი თაყვანიცემის მოსაზრება არ ექნებოდა. მასში, იესუში ქრისტეს ვერ შეიცნობდა. მაშ, რა მოხდა? დაიჩოქა ეშმაკმა? თაყვანი სცა ქრისტეს? არა, ეშმაკი – ეშმაკობს. მას უნდა, თავი შეაბრალოს ქრისტეს. რისთვის? აი, ცოტა მოგვიანებით იტყვის: დროზე ადრე ნუ გაგვაგზავნი ჯოჯოხეთშიო. მას ქრისტეს თაყვანისცემა კი არ სურს, სინანულში კი არ ჩავარდნილა ბოროტი სული, არამედ ჯოჯოხეთის მარადიული ცეცხლისა ეშინია. ეშმაკმა ესეც იცის, რომ საბოლოოდ წარიგზავნება ჯოჯოხეთში, უკუნითი უკუნისამდე შეკრული იქნება წყვდიადის ჯაჭვებით, როგორც პეტრე მოციქული ამბობს, მარადიულ სატანჯველს მიეცემა. („უკუეთუ ღმერთმან ანგელოზთა მათ შეცოდებულთა არა ჰრიდა, არამედ ჯაჭუებითა მით წყუდიადისაჲთა ტარტაროზსა შეაყენნა და მისცნა სატანჯველად და სასჯელად დამარხვად" (II პეტრე 2.4). მაგრამ აქედანაც დავსკვნით, რამდენად სასოწარკვეთილი სულია, რომ თვით ესეც კი გონს ვერ მოიყვანს და სინანულში ვერ ჩააგდებს. ის არის სული უნანელი, სული სასოწარკვეთილი. ის დააჩოქებს ეშმაკეულს, რომელიც დაპყრობილი ჰყავს. მისი სულიც, მისი გულიც, მისი სხეულიც საკუთარ სახლად გაუხდია. როგორც ვიცით სახარებიდან, თვითონ კი არ სცემს თაყვანს, არამედ, ეშმაკურად, თითქოს თაყვანს სცემს იმ დაავადებულის სახით, შეუვრდება, დაუჩოქებს, თავს აბრალებს, მაგრამ მას, როგორც მოგახსენებთ, სულაც არ აქვს სინანული. ამასთან სჩანს მან იცის, რომ ქრისტე მოვა არა მარტო პირველი მოსვლით, ე.ი. ხორცში და ვნებით ჯვარზე, არამედ ქრისტე მოვა დიდებითაც, რასაც მოჰყვება საყოველთაო აღდგომა და სამსჯავრო. მან იცის, რომ არათუ მხოლოდ ქრისტე, არამედ ქრისტეს მოციქულები და განმართლებული ქრისტიანები განიკითხავენ სატანასა და მის ანგელოზებს, როგორც მოციქული პავლეც გვასწავლის.

რისთვის მოხვედი, დროზე ადრე ჩვენს სატანჯველად? – განიკითხავენ ქრისტეს ეშმაკეულნი. „იყო შორს მათგან კოლტი ღორთაჲ მძოვარი" (მათ. 8.30). თქვენ იცით, რომ მოსეს სჯულით ღორი ყველაზე არაწმინდა ცხოველად ითვლებოდა. ასეულბით ღორი, ანუ კოლტი სძოვდა შორიახლოს, „ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ განგუასხამ ჩუენ, მიბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა იმას ღორთასა" (მათ. 8.31). მაშასადამე დემონებმა იციან ისიც, რომ იესუს აქვს ხელმწიფება, განასხას ისინი, თუმცაღა ქრისტე ხორცშია მოსული, მაგრამ იციან ეშმაკთა, რომ ლიტონი ადამიანი არ არის, იგი ხორცშესხმული ღმერთია და ევედრებიან, რომ თუ განგვასხამ მოგვეცი უფლება, აი, იმ ღორებში შევიდეთო.

სთხოვენ და თან როგორ აბრალებენ აქ თავს. ნახეთ, არ უთქვამთ, რომ სჯულისმიერ წმინდა ცხოველში შევიდნენ, არამედ არაწმინდა ღორში. თითქოს რაღაც დიალოგი გამართა უხილავად ეშმაკმა – შენ ხომ მოსეს მიერ ასწავლე ადამიანებს, რომ ეს არაწმინდა ცხოველია. თუმცაღა ეშმაკი ისევ ეშმაკობს. მან იცის, რომ ღმერთისათვის არაწმინდა არაფერია. თუ გახსოვთ, პეტრე როცა ერდოზე ლოცულობდა, ჩამოეშვა ქსოვილი, შიგ წმინდა და არაწმინდა ცხოველები იყო. უბრძანა ღმერთმა: ადექ, პეტრე, დაკალი და არაწმინდა ცხოველი ჭამეო „და იყო ხმაჲ მისა მიმართ: აღდეგ პეტრე, დაკალ და ჭამე, მიუგო პეტრე და ჰრქუა: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაჲ შესრულ არს პირსა ჩემსა" (საქ. 10.13,14). ე.ი. სჯული მოსესი არ დამირღვევიაო, ღვთის წინაშე კი საძაგელი არაფერია. მაგრამ აქაც ეშმაკობს ბოროტი სული: შენ ხომ მოსეს მიერ ასწავლე ადამიანებს, რომ ღორი არაწმინდა ცხოველია, მე არ გთხოვ არაფერს განსაკუთრებულს, ყველაზე უკანასკნელ პირუტყვში მოგვეციო შესვლის უფლება. იმდენად ეშინია ჯოჯოხეთის, რომ მზად არის უკანასკნელ პირუტყვში შევიდეს, თუმცაღა პირუტყვზე,

ღორზე, უფრო წვირიანია თვითონ ეშმაკი. წმ. მამები გვასწავლიან, რომ ეშმაკი საშინლად იტანჯება როდესაც ადამიანის ან პირუტყვის სხეულში არაა. მაშ, სინამდვილეში თავს არ იმდაბლებს, როცა ფიქრობს, რომ ღორში, ბინძურ პირუტყვში შევიდეს. თქვენ ახლა ნახავთ, რა მოიმოქმედა მას შემდეგ ეშმაკმა, რაც ღორში შევიდა – კვლავ ავნო ადამიანებს და არათუ ადამიანებს, ამ გზით ცდილობს, ქრისტესაც ავნოს. როგორ? მოდით, ვნახოთ ამ საკითხავში. „და ჰრქუა მათ: მივედით!" ე.ი. შედითო ღორებში. აქედან ჩანს, („მივედითო"), ერთი კი არ იყო, არამედ მრავალნი. „ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან". რა დაემართათ თვითონ ეშმაკეულებს? – დავარდნენ უსულოდ და პეროიდნენ, ე.ი. დუჟი მოსდიოდათ პირიდან. „და მიჰმართა ყოველმან კოლტმან კბოდესა მას ზღჳსასა, და მოწყდეს იგინი წყალთა მათ შინა" (მათ. 8.32). გააცოფეს ღორები. რამდენიმე ასეული ღორი იყო იქ, ნუ დაგავიწყდებათ. ჯერ ერთი, ჩვენთვის საგულისხმო დასკვნა გავაკეთოთ: ხომ სნეულები იყვნენ, ხომ სულიერად დაავადებული იყო ის ორი ეშმაკეული ადამიანი, მაგრამ როდესაც ის ეშმაკები, რომელნიც მათში იყვნენ, გამოდიან და რამდენიმე, არა თუ ორ, არამედ რამდენიმე ასეულ ღორში შედიან, ღორებმა ვერ დაიტიეს, ვერ გაუძლეს და გაცოფდნენ. თვით დაცემულ ადამიანსაც კი რაოდენი უნარი მოსცა ღმერთმა, რომ გაუძლოს ამდენი ეშმაკის ბრძოლასა და პყრობილებას და რაღა ვსთქვა იმ ადამიანზე, რომელიც წმინდად ცხოვრობს და მადლმოსილია. რამდენად ძლიერი უნდა იყოს ამგვარი ადამიანი და რაოდენ დიდი ძალა აქვს ქრისტეანულ წრმენას: „ამინ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი, და მიიცვალოს, და არარაჲ შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ" (მათ. 17.20). ერთ-ერთმა (მე აქ მაგონდება და ვიტყვი) სულთანმა ეგვიპტისა გამოსცა ბრძანება, რომ დაენგრიათ ყველა ქრისტიანული ეკლესია (ეს მოხდა გვიანდელ შუა საუკუნეებში), მათ შორის კაიროს ზეითუნის ღვთისმშობლის შობის ეკლესია, სადაც თქვენ იცით, ჩვენი საუკუნის სამოციანი წლების ბოლოს დიდი გამოცხადებები ხდებოდა ღვთისმშობლისა. გამოსცა ბრძანება და დამცინავად უთხრა ეპისკოპოსს ალექსანდრიისა: აი, ხომ გიწერიათ სახარებაში, რომ მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეს, მთები დაგემორჩილებაო. გაძლევ ბრძანებას, სამი დღის განმავლობაში ამ მთას (ალექსანდრიასთან იყო) ადგილი შეუცვალო. თუ ეს ასე არ მოხდება, ყველა ქრისტიანულ ეკლესიას დავანგრევო. სამი დღე და ღამე ეკლესიაში ლოცვად დადგა უზმო მარხვით ეპისკოპოსი და ცრემლიანი თვალებით ღმერთსა და ღვთისმშობელს ევედრებოდა, რომ არ აღფხვრილიყო პირისაგან მიწისა ეგვიპტეში არსებული ეკლესიები და მართლაც, ღმერთმა და ღვთისმშობელმა დედამ ისმინა მისი, მადლი მოსცა, რომ მისი ლოცვით მთამ იგრგვინა და ადგილი იცვალა. ამან ისე ძლიერ იმოქმედა იმ სულთანზე, რომ ბრძანა ეკლესიებისთვის ხელი აღარ ეხლოთ, ხოლო გულში გახდა თაყვანისმცემელი ღვთისა და ღვთისმშობლისა, თუმცა ხმამაღლა ვერ გაბედა ეღიარებინა ქრისტე.

ერთი სიტყვით, დაცემულ ადამიანშიც კი უდიდესი საღვთო ძალაა და რაღა ვთქვა განწმედილ ადამიანზე?

ღორები გააცოფეს და დაახრჩვეს ეშმაკებმა კბოდეში. ადამიანური თვალსაზრისით მათ (დემონებმა) ზიანი მოუტანეს ადამიანებს; რატომ დაუშვა ეს ღმერთმა? – მოდი, ესეც ვიკითხოთ. ის სოფელი, სადაც სასწაული მოხდა, წარმართთა სოფელი იყო, მაგრამ ეს წარმართები ცხოვრობდნენ იუდეველთა გარშემო. თუ იუდეველთა ღორები იყო, უფრო მეტი საბაბი ჰქონდა უფალს, რომ მათი ღორები დაეღუპა, რადგან ამით უნდოდა ისრაელიანები სინანულით მოსეს სჯულზე დაებრუნებინა, ხოლო თუ წარმართები იყვნენ, ისინიც ღირსეულად დასაჯა უფალმა, რადგან ასწავლა, რომ არ შეიძლება იუდეველთა გვერდით ცხოვრობდეთ და მათ სარწმუნოებას საცდურს უგებდეთ არაწმინდა ცხოველების სახითო. მაგრამ უფლის ამ მიშვებაში უფრო ღრმა აზრი იყო. ეშმაკმა როცა ღორები კბოდეში გადაყარა, აი, რა მოჰყვა ამას: „ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს და წარვიდეს ქალაქად�. არ არის ნათქვამი, რომ სასწაულის მხილველებმა თაყვანი სცეს ქრისტეს. შეშინებული მწყემსები „წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე ეშმაკეულთა მათთჳს" (მათ. 8.33), და ისიც, რომ ღორები ზღვაში დაიხრჩვნენ. „მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესუსა". არ იფიქროთ თაყვანისცემისათვის, „და იხილეს იგი და ევედრებოდეს�, რისთვის? პატიებას თხოვდნენ? შენდობას? – „რაჲთა წარვიდეს საზღვართა მათთაგან" (მათ. 8.34). საოცარი რამ მოხდა. რამდენად დაცემული ყოფილან გერგესეველნი რომ ასე დასჯილი მათი ორი თანამოქალაქე, რომელნიც სასტიკად იტანჯებოდნენ, აკლდამებში აღამ-ათენებდნენ, და თავისი ეშმაკეულობით შიშის ზარსა სცემდნენ ყველა იქ გამვლელს. უფალმა განწმიდა და განკურნა, ხოლო გერგესეველები კი ღორებზე დარდობდნენ. რამდენად დაცემულნი იყვნენ, რომ პირუტყვის დაღუპვა უფრო მეტად შეიცხადეს, ვიდრე თანასოფლელთა განკურნება გაეხარდათ (საერთოდ არც გახარებიათ). არცერთ მახარებელთან – არც მათესთან, არც მარკოზთან, არც ლუკასთან – ვისაც აღწერილი აქვს ეს განკურნება, არ არის ნათქვამი, რომ მათ გახარებოდეთ ეშმაკეულთა განწმედა, არამედ ისინი შეშინდნენ, დაინახეს კია ქრისტეში დიდი ძალა, ღვთიური ძალა, მაგრამ ღმერთს არ სცეს მასში თაყვანი, არამედ იფიქრეს, რომ თუ ქრისტე დარჩება მათთან, როგორც წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს, მან უნდა უქადაგოს სინანული, მათ კი გამოსწორება არ სურთ, და თუ ქრისტე უქადაგებს სინანულს, როგორც საქმით, ისე სიტყვით, ხოლო ისინი არ გამოსწორდებიან, მუდმივად სინდისის ქენჯნა ექნებათ, დაიტანჯებიან ამ ზნეობრივი სატანჯველით.

სწორედ ამიტომ ევედრებოდნენ ქრისტეს, რომ მათი სოფელი დაეტოვებინა. იესუც, „შევიდა ნავსა და წაიღხდა და მოვიდა თჳსად ქალაქად" (მათ. 9.1). ქრისტემ გერგესეველებს ღორების დანაკლისი აკმარა და უფრო მეტად არ დასაჯა ჯერაც სარწმუნოებაში უმეცარნი, რადგან სიყვარულს „წყალობაჲ ნებავს და არა მსხვერპლი" (მათე 9.13). იცით, რომ ვისაც მეტი მისცა, უფალი მას მეტსაც მოჰკითხავდა. თუ გახსოვთ სახარებიდან, მაცხოვარი უფრო მკაცრია იუდეველებთან, განსაკუთრებით „ზედა ფენასთან", რომელსაც ყველაზე განათლებული, მართალი ეგონა საკუთარი თავი და უფრო ლმობიერი იყო ყველა დანარჩენთან. მოვედით, ქრისტეს მიერ საყვარელნო დანო და ძმანო, სახარების დღევანდელმა საკითხავმა კიდევ ერთხელ დაგავაფიქროს, სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი, თუკი ის არ მოინანიებს ცოდვებს. განსაკუთრებულად მძვინვარე ეშმაკეულობა იპყრობს იმ ადამიანს, რომელიც სახარების ქადაგებასაც ისმენს, თვითონაც კითხულობს მამებს, სახარებას, ეზიარება, მაგრამ ყოველივე ამას სჩადის არა სინანულით, გულის შემუსვრილებით, არამედ მხოლოდ მაჩვენებლობითა და გარეგანად. უფალი ხომ აგრერიგად მკაცრი იყო ფარისეველთა მიმართ. ფარისეველი უკვე სულიერად დაავადებულია. არ არის აუცილებელი, რომ აკლდამებში ცხოვრობდეს. მართალია, კაცთა შორის იქცევა, მაგრამ ის იმ ეშმაკეულებზე ბევრად უფრო შეპყრობილია. რითია შეპყრობილი? ფარისევლის ერთი ყველაზე დამახასიათებელი თვისება რა არის? – ამპარტავნება, თვითკმაყოფილება, მზვაობრობა, მედიდურობა. ასეთების გამოყვანა სიბრმავიდან მეტად ძნელია. ნუ ვიტყვით, ჩვენც რომ გვაქვს მხოლოდ მცირე ცოდვები. ყველა მცირე ცოდვაც კი, როგორც დამღუპველი ცოდვა, ისე განვიხილოთ. თქვენ ხომ იცით წმიდა მამებიდან, სახარებიდან, რომ თვით ერთადერთ ცოდვას, რომელსაც გულით არ მოვინანიებთ და საქმით არ გამოვასწორებთ, შეუძლია მთელ დანარჩენ წმინდა ცხოვრებას ჯვარი დაუსვას და ჯოჯოხეთში გვიკრას თავი. ხომ გახსოვთ მაკარი დიდის ცხოვრებიდან, სიცოცხლეში რომ ვერ აცდუნეს დემონებმა, საზვერეთსაცავშიღა მისძახოდნენ, რომ ქედმაღლობაში ჩაეგდოთ: „სცხონდი, მაკარი", „სცხონდი, მაკარი" – აქებდნენ და ადიდებდნენ მაკარის და „დიდს" ეძახდნენ, ნუ დაგავიწყდებათ, მაკარი არ აძლევდა პასუხს და როცა უკვე შეიყვანეს, საზვერეების შემდეგ სასუფეველში ანგელოზებმა, მხნედ გადაისახა მაშინ ჯვარი და გადასძახა ეშმაკებს: ახლა კი გძლიეთ ქრისტეს მადლითო და დაიხშო სასუფევლის კარები ბოროტი სულებისათვის. ჩვენც შევუდგეთ სარწმუნოებით ქრისტეს, რათა მძლე ვექმნეთ ცოდვასა და სიკვდილს, ამინ!

„ქადაგებანი და თარგმანებანი" თბილისი, 1997 წ.

ნანახია: 386 | დაამატა: guka-2001 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2018
Free site builder - uCoz