1961 წელს "იუვენტუსმა” მეთორმეტე სკუდეტო მოიპოვა, ხოლო შემდეგ წელს პრეზიდენტის პოსტიდან გააცილა კიდევ ერთი ანიელი.
მორიგი ტიტული ტურინელებმა მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ მოიპოვეს. 1965 წელს "იუვენტუსმა” მეხუთედ მოიგო იტალიის თასი და პირველ მეტნაკლებად სერიოზულ წარმატებას მიაღწია ევროსარბიელზე. "ბებერი ქალბატონი”უეფას (მაშინ ბაზრობათა)თასის ფინალში გავიდა. სპეციალისტები ფავორიტად სწორედ "იუვეს” მიიჩნევდნენ და მათ აზრს მნიშვნელოვნად ამყარებდა ისიც, რომ ფინალი ტურინში "სტადიო კომუნალეზე” გახლდათ. თუმცა პროგნოზები არ გამართლდა. ფლორიან ალბერტის თამადობით, ბრწყინვალედ მოთამაშე "ფერენცვაროშმა” მინიმალური სხვაობით 1:0 მოუგო"ბებერ ქალბატონს”. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ მატჩში შეეყარათ ტურინელებს დღემდე "უკურნებელი სენი” ფინალებში ძალიან მძიმე და ხშირად წარუმატებელი თამაში(განსაკუთრებით მაშინ, როდესაც "იუვეს” ფავორიტად ასახელებენ).
1967 წელს "იუვენტუსმა” მორიგი სკუდეტო მოიპოვა. აქედან ოთხ წელიწადში კი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი მოვლენა მოხდა – გულშემატკივრების თხოვნით და რასაკვირველია თავად კლუბის მმართველთა გადაწყვეტილებით "ბებერი ქალბატონის” სათავეში ჯანპიერო ბონიპერტი მოვიდა. ამ უკანაკნელს "იუვესთვის” ისედაც მთელი კარიერა ჰქონდა მიძღვნილი და კლუბის ისტორიაში უკვე ლეგენდად იყო შესული, მაგრამ პრეზიდენტის პოსტზე გატარებულმა ცხრამეტმა წელმა კლუბისადმი მისი ამაგი გააასმაგა.
მაშინდელ "იუვეში” ბეტეგა(კლუბის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი), კაპელო, ჰალერი, კაუზიო, ფურინო და ანასტაზი უნდა გამოვარჩიოთ. შემდგომში მათ კაბრინი, შირეა, ჯენტილე, ტარდელი, როსი, ძოფი, პლატინი, ბონეკი, ლაუდროპი, რაში და კიდევ არაერთი ჩინებული ფეხბურთელი დაემატა. იმ 15-წლიან "ოქროს ხანაში”, როდესაც "იუვენტუსმა” თავისი სიძლიერე იტალიის ფარგლებს გარეთაც გამოაჩინა და მოიგო ყველა ტიტული, რომელიც ევროპული კლუბისთვის ხელმისაწვდომი იყო, გუნდს მხოლოდ სამი მწვრთნელი ჰყავდა. თუმცა არაოფიციალურად გარკვული დროის მანძილზე ამ პოსტს მშვენივრად ითავსებდა ჯანპიერო ბონიპერტიც. განსაკუთრებულად ჯოვანი ტრაპატონის მუშაობა უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ არაფრით არ შეიძლება გარჯა არ დავუფასოთ ჩესტმირ ვიჩპალეკსა და კარლო პაროლას.
1971 წელს "იუვენტუსი” მეორედ გავიდა უეფას თასის ფინალში, მაგრამ მისი მოგება ვერც მაშინ შეძლო. ამჯერად გადამწყვეტი, მეტოქის ანუ ინგლისური "ლიდსის” მოედანზე გატანილი ნაკლები გოლი გამოდგა. ტურინში მატჩი 2:2 დამთავრდა, ხოლო "ელანდ როუდზე” გუნდებმა თითო ბურთით ნაკლები შეუგდეს ერთმანეთს, რამაც "ლიდსი” გააჩემპიონა.
1972 წელს "ბებერმა ქალბატონმა” მეთოთხმეტედ შეძლო გაჩემპიონება. შემდეგ წელს კი ტურინელებმა კიდევ ერთი სკუდეტოს მოგების გარდა პირველად გააღწიეს ჩემპიონთა თასის ფინალში, სადაც მათ კვლავ იმედგაცრუება ელოდათ. მორიგ გადაულახავ ზღუდედ ამსტერდამის "აიაქსი” მოგვევლინა. ჰოლანდიელებმა ჯონი რეპის მე-4 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვეს.
1975,1977 და 1978 წლებში "იუვე” კიდევ სამ სკუდეტოს იგებს. 1979 წელს კი მეექვსედ ეუფლება ქვეყნის თასს. გარდა ამისა, 1977 წელს ტურინელები ბოლოს და ბოლოს ახერხებენ ევროსარბიელზე პირველი ტიტულის უეფას თასის მოპოვებას. "იუვე” ორმატჩიან დუელში მეტოქის მინდორზე გატანილი გოლის წყალობით ამარცხებს ბილბაოს "ატლეტიკს”(1:0,1:2).
80-იანი წლები "იუვენტუსისთვის” გაცილებით უფრო წარმატებული გამოდგა. 1981 და 1982 წლებში "ბებერი ქალბატონი” კვლავ იტალიის ჩემპიონი ხდება. ამის შემდეგ ტურინელთა მაისურებზე მეორე ვარსკვლავი ჩნდება. 1983 წელს კლუბი ქვეყნის თასს, ხოლო 1984 და 1986 წლებში "იუვე” კიდევ ორჯერ იგებს სერია A-ს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტურინელებმა წარმატებით იასპარეზეს ევროტურნირებზეც.
1983 წელს გუნდი მეორედ გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში, მაგრამ გერმანულ "ჰამბურგს” ვერ აჯობა. ”იუვე” კვლავ დებიუტში გაშვებული ერთადერთი გოლით დამარცხდა.
1984 წელს "იუვენტუსმა” თასების თასი მოიპოვა. ფინალში ტურინელებმა 2:1 მოუგეს "პორტუს”. ამის შემდეგ კი "ბებერმა ქალბატონმა” ბონეკის დუბლით "ლივერპული” დაამარცხა და ევროპის სუპერთასსაც დაეპატრონა (ეს მატჩი 1985 წელს გაიმართა).
1985 წელს "იუვენტუსი” იმავე "ლივერპულს” უკვე ჩემპიონთა თასის ფინალში დაუპირისპირდა და მატჩის 56-ე წუთზე პლატინის ერთადერთი გოლით სანუკვარი გამარჯვებაც მოიპოვა. თუმცა ამ შეხვედრას წინ უსწრებდა ყველასათვის ცნობილ ტრაგედია. თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ინგლისელმა გულშემატკივრებმა მაინც ვერ მოთოკეს თავი და ხასიათი გამოავლინეს. მათ მიერ პროვოცირებულ უწესრიგობას "ეიზელის” სტადიონის ერთ-ერთმა იარუსმა ვერ გაუძლო და ჩამოინგრა. ამის შედეგად 39 გულშემატკივარი დაიღუპა, ხოლო 400-ზე მეტმა ქომაგმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
მიუხედავად ამისა მატჩი მაინც ჩატარდა და როგორც უკვე აღინიშნა "ბებერი ქალბატონის” გამარჯვებით დასრულდა. ამ წარატებას "იუვენტუსმა” საკონტინენტთაშორისო თასიც დაურთო. ტურინელებმა "არგენტინოს ხუნიორსს” თერთმეტმეტრიანების სერიაში ანგარიშით 4:2 სძლიეს(ძირითად დროში გუნდებმა 2:2 ითამაშეს). ამის შემდეგ "იუვე” იქცა პირველ კლუბად ევროპაში, რომელმაც მოიგო ყველა დიდი საკლუბო ტიტული, რომლის მოპოვებაც შესაძლებელი გახლდათ იმ დროისთვის.
აღსანიშნავია, რომ 1987 წელს "იუვენტუსში” გატარებული ხუთი სეზონის შემდეგ კარიერა დაასრულა მიშელ პლატინიმ, რაც აშკარად მცირე ჩავარდნით აისახა კლუბზე. 1990 წლის თებერვალში პოსტი დატოვა ჯანპიერო ბონიპერტიმ, რომელიც დღემდე კლუბის საპატიო პრეზიდენტია. მის ნაცვლად კი კლუბის სათავეში ვიტორიო კიუზანო მოვიდა და შეიძლება ითქვას ღირსეულად გააგრძელა მისი წინამორბედის საქმიანობა.
იმავე წელს დინო ძოფის გაწვრთნილმა ტურინელებმა მერვედ მოიპოვეს იტალიის თასი, პირველად სუპერთასი და მეორედ უეფას თასი. რომლის ორმატჩიან ფინალშიც "იუვემ” უპრობლემოდ სძლია ფლორენციის "ფიორენტინას” 3:1,0:0. იტალიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კი, "იუვენტუსმა” სპეციალურად მუნდიალისთვის აგებულ "დელე ალპიზე” დაიდო ბინა. თუმცა შემდგომში ეს ლამის სანანებელი გაუხდა. ყველაფერი იქამდეც კი მივიდა, რომ ერთი პირობა ალაპარაკდნენ იქნებ ჯობდეს "ბებერი ქალბატონი” რომელიმე სხვა ქალაქში გადაბარგდესო.
საქმე ის არის, რომ როგორც შემდგომში გაირკვა "დელ ალპის” ტრიბუნები სტადიონიდან ზედმეტად მოშორებით არის და თან მოედანი ქალაქის ბოლოშია, სადაც მისვლა საკმაოდ ძნელია. ყველაფერს ბურუსიც ემატება, რომელიც ტურინის და განსაკუთრებით იმ უბნის, სადაც მოედანი მდებარეობს, ხშირი სტუმარია. ზედა იარუსებზე მსხდომი ქომაგები წესიერად ვერ ადევნებენ თამაშს თვალყურს. ამიტომ მათი დიდი ნაწილი ძალიან ხშირად სახლში დარჩენას და მატჩის ტელევიზორით ყურებას ამჯობინებს. ეს განსაკუთრებით ევროტურნირზე ხდება,
როდესაც ტურინს ასე თუ ისე საშუალო დონის კლუბი სტუმრობს ხოლმე(ამის ერთ-ერთი მიზეზი გულშემატკივრების მიერ სერია A-სთვის უფრო დიდი მნიშვნელობის მინიჭებაც გახლავთ).
ასეა თუ ისე "ბებერი ქალბატონი” საშინაო მატჩებში თითქმის ყოველთვის განიცდის გულშემატკივრების ნაკლებობას, რაც საკმაოდ ცუდი ჩვეულებაა. ამას კიდევ ერთი და ალბათ თქვენთვის კარგად ცნობილი მიზეზი აქვს. სხვადასხვა გამოკითხვებში "იუვე” ხშირად მსოფლიოსყველაზე პოპულარულ კლუბად სახელდება ხოლმე და თითქმის ყოველთვის სამეულს მაინც არ სცილდება. მართალია კლუბს მთელი იტალიის მასშტაბით გაცილებით მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს, ვიდრე ვთქვათ "მილანსა” და "ინტერს” ერთად, მაგრამ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს უშუალოდ ტურინში "ტორინოს” უფრო ბევრი ადამიანი ქომაგობს.
აღსანიშნავია, რომ ამჟამდ "იუვეს” ხელმძღვანელები ახალი სტადიონის აშენებაზე ფიქრობენ და ამისთვის გარკვეული თანხებიც არის გამოყოფილი. იგეგმება "დელე ალპის” რეკონსტრუქციაც.
1991 წელს გუნდში კიდევ სამი სეზონით დაბრუნდა ჯოვანი ტრაპატონი, მაგრამ მისი "მეორედ მოსვლა” განსაკუთრებულად წარმატებული არ გამოდგა-მხოლოდ უეფას თასი. 1993 წელს "იუვენტუსმა” ძალიან იოლად დაამარცხა დორტმუნდის "ბორუსია” 3:0,3:1 და მესამედ (ჯერჯერობით უკანასკნელად)მოიპოვა ეს ტიტული. იმ დროს გუნდში ბრწყინვალე ფეხბურთელების მორიგი ტალღა თამაშობდა. ანდრეას მოილერი, დინო ბაჯო, რობერტო ბაჯო, ჯანლუკა ვიალი, ანჯელო პერუცი, პაოლო დი კანიო, ფაბრიციო რავანელი, იურგენ კოლერი და ა.შ.
90-იანი წლების შუაწელს კლუბი სერიოზულად გადახალისდა. მის სათავეში სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე ახალი სახეები ბეტეგა, ჯირაუდო და მოჯი დანიშნეს. 1994 წელს გუნდში ახალი მწვრთნელი მარჩელო ლიპი მოვიდა და საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ "ოქროს ეპოქას”.
გუნდში თანდათანობით ახალი ფეხბურთელებიც გამოჩნდნე. დელ პიერო, იუგოვიჩი, კონტე, ფერარა, პაულო სოუზა, დი ლივიო, დეშანი, ვიერი, ზიდანი, ბოკშიჩი, ტაკინარდი, დავიდსი, ძამბრო-ტა, ინძაგი და ა.შ. ლიპიმ პირველივე სეზონში მიაღწია წარმატებას. მისმა დამოძღვრილმა "იუვენტუსმა” 1995 წელს ცხრაწლიანი პაუზა შეწყვიტა და კიდევ ერთხელ, ოცდამესაედ მოიპოვა სკუდეტო. ”იუვემ” მეცხრედ(და ჯერჯერობით უკანასკნელად)მოიგო ქვეყნის თასიც და ისტორიაში მეორედ შეძლო დუბლის შესრულება. იმავე წელს ტურინელებმა მესამედ წააგეს უეფას თასის ფინალი. ორმატჩიან დუელში "პარმამ” მინიმალური სხვაობით 1:0,1:1 იმარჯვა.
1996 წელს "იუვენტუსმა” ყველაზე მეტი ოთხი ტიტული მოიპოვა. იტალიის მასშტაბით ტურინელები ქვეყნის სუპერთასის(პირველად)მოგებით შემოიფარგლნენ სამაგიეროდ კლუბმა ტრიუმფალურად იასპარეზა ევროსარბიელზე. "ბებერმა ქალბატონმა” რომში სტადიო ოლიმპიკოზე პენალტების სერიაში სძლია(ძირითადი დრო 1:1)ამსტერდამის "აიაქსს” და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ”იუვემ” ამას საკონტინენტთაშორისო თასიც მიაყოლა. ტურინელებმა "რივერ პლეიტს” დელ პიეროს მიერ მატჩის მიწურულს გატანილი გოლით მოუგეს. ბოლოს კი ევროპის სუპერთასისთვის ორმატჩიან ბრძოლაში "იუვენტუსმა” "პსჟ” გაანადგურა. მართალია შეხვედრები 1997 წლის დასაწყისში გაიმართა, მაგრამ ეს ტიტული ტურინელებს ოფიციალურად 1996 წელს მოგებულად ეთვლებათ. ”პარკ დე პრენსზე” "ბებრმა ქალბატონმა” დამამცირებელი ანგარიშით 1:6 დაამარცხა ფრანგები. შინ კი "იუვემ” შედარებით მოკრძალებულად 3:1 იმარჯვა.
1997 წელს ტურინელებმა ქვეყნის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგეს. 1998 წელს "ბებერი ქალბატონი” კვლავ იტალიის ჩემპიონია. იმავე წლებში გუნდი გადის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ორივე მატჩში ითვლება ფავორიტად, მაგრამ ვერც ერთში ვერ ახერხებს გამარჯვების მოპოვებას. პირველ შემთხვევაში "იუვენტუსი” დორტმუნდის "ბორუსიასთან” მარცხდება 1:3, ხოლო მეორეში მადრიდის "რეალთან” 0:1.
1999 წელს ალესანდრო დელ პიერო "უდინეზესთან” მატჩში მძიმე ტრავმას იღებს და დაახლოებით ერთი წლით შორდება ფეხბურთს, ხოლო მინდორზე დაბრუნებულს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება ფორმის თუნდაც სანახევროდ აღსადგენად. ამან გამოაჩინა, რომ გუნდი ძირითადად ერთ მოთამაშეზე იყო აწყობილი, მიუხედავად იმისა რომ გუნდში თამაშობდნენ ისეთი ღირსეული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდარული ფეხბურთელები, კერძოდ, კი ზინედინ ზიდანი, რობერტო ბაჯო, ვიალი, რავანელი...... მათ ვერ შეძლეს ალესანდრო დელ პიეროს საქმის თუნდაც 10% შეესრულებინათ რადგან დელ პიერო იყო და არის შეუდარებელი და ფენომენალური ფეხბურთელი. დელ პიეროს არყოფნა გუნდმა მძიმედ გადაიტანა და "იუვენტუსი” ორწლიან კრიზისში ჩავარდა.
მარჩელო ლიპიმ პოსტი იმავე 1999 წელს დატოვა. მის ნაცვლად კი გუნდში სამი სეზონით მოვიდა კარლო ანჩელოტი. მისი თავკაცობით 2000 და 2001 წლებში "იუვენტუსმა” ბოლო ტურებში ძალიან მოულოდნელად და უაზროდ დაკარგა იტალიის ჩემპიონობა. გარდა ამისა ტურინელები სამარცხვინოდ გამოდიოდნენ ჩემპიონთა ლიგაში, რამაც ანჩელოტის დათხოვნა გამოიწვია. ამავე წელს ზინედინ ზიდანმა დატოვა იუვენტუსი და მადრიდის რეალს მიაშურა , უნდა ითქვას რომ ზიდანის წასვლის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ იგი ვერ იქცა გუნდის მეორეხარისხოვან ლიდერადაც კი, რადგან გულშემატკივრებისა და თანაგუნდელების თვალში ლიდერი იყო დელ პიერო, რომელმაც უმძიმესი ტრავმის მიუხედავად იუვენტუსს ძველი დიდება დაუბრუნა, რაც ვერ შეძლო ვერც ზიდანმა და ვერც სხვამ...
2001 წელს გუნდი კვლავ მარჩელო ლიპიმ ჩაიბარა და დაბრუნება 2002 წელს სკუდეტოსა და ქვეყნის სუპერთასის მოპოვებით აღნიშნა. შედეგიანი გამოდგა 2003 წელიც,”იუვენტუსმა” იგივე ტურნირები-იტალიის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო. გარდა ამისა ტურინელებმა ჩინებულად ითამაშეს ჩემპიონთა ლიგაში, გამორჩეული იყო დელ პიერო, რომელმაც თავისი ფენომენალურობით იუვე ფინალში გაიყვანა, მაგრამ ფინალი მათთვის კვლავ გადაულახავ ბარიერად იქცა.
ნახევარფინალში მადრიდის "რეალთან” ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ(3:1,1:2), კარლო ანჩელოტის დამოძღვრილ "მილანთან” მატჩში "იუვენტუსი” ისევ ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ფორტუნამ ჩემპიონობა მილანელებს არგუნა. რომლებმაც თანაბარი და უგოლო შეხვედრა პენალტების სერიაში მოიგეს. ბოლო დროინდელი წარმატებები, კლუბის ძველ ლიდერებთან ერთად შედარებით ახალ სახეებს ნედვედს,კამორანეზის, ბუფონს, ტურამს, ტრეზეგეს და კიდევ რამდენიმე მოთამაშეს უკავშირდება.
2003-04 წლების სეზონი "იუვენტუსმა” ნამდვილად ჩააგდო ტურინელებს ქომაგების დამშვიდება იტალიის თასის მეათედ მოგებით შეეძლოთ, მაგრამ რომის "ლაციოსთან” ვერაფერი გააწყვეს 2:2,0:2.
2003-04 წლების სეზონის ბოლოს გუნდი დატოვა მარჩელო ლიპიმ, მაგრამ მასთან არ შეიძლება რაიმე პრეტენზია არსებობდეს. ლიპის დამსახურება "იუვენტუსისადმი” ძალიან დიდია და იგი კლუბის ისტორიაში ჯოვანი ტრაპატონისან ერთად ტურინელთა ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელის სახელით არის შესული.
2004/05 და 2005/06 წლების სეზონში კლუბს ფაბიო კაპელო წვრთნიდა, რომლის თავკაცობითაც იუვემ კიდევ 2 სკუდეტოს მოპოვება შეძლო, თუმცა იტალიაში ატეხილი საფეხბურთო სკანდალის გამო მას ბოლო ორი ტიტული ჩამოართვეს და სერია B-ში დააქვეითეს. თან 17 ქულაც დააკლეს. მთავარმა მწვრთნელმა პოსტი დატოვა, ასევე დატოვა გუნდი მისმა რამოდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა: ძამბროტამ, კანავარომ, იბრაჰიმოვიჩმა, ტურამმა, ემერსონმა ვიეირამ და ა.შ. თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც საკუთარ გუნდის ერთგულები დარჩნენ სერია B-შიც კი. მათგან აღსანიშნავია გუნდის კაპიტანი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, ალესანდრო დელ პიერო, რომელმაც იმთავითვე განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა. ნედვედმა, ბუფონმა, კამორანეზიმ და ტრეზეგემ დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ მაინც დარჩენა გადაწყვიტეს. გუნდის მთავარ მწვრთნელად დიდიე დეშამი დაინიშნა.
ფერები, ემბლემა და მეტსახელები [რედაქტირება]
1903 წლიდან იუვენტუსი შავთეთრი მაისურებით და თეთრი, იშვიათად შავი, ტრუსებით თამაშობს. თავდაპირველად კლუბი ვარდისფერი მაისურებით გამოდიოდა. მუდმივმა რეცხვამ მაისური გაახუნა და ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ფერი შეეცვალა თეთრით. მათ სთხოვეს ინგლისელს ჯონ სევიჯს თუ ჰქონდა მას კავშირები სამშობლოში მაისურის მწარმოებლებთან. ჯონს აღმოაჩნდა მეგობარი ნოტინგემში მცხოვრები, ნოთს ქაუნთის ქომაგი, მან გამოუგზავნა შავთეთრ ზოლებიანი მაისური იუვენტუსს. მას შემდეგ კლუბი სწორედ ამ ფორმით ასპარზეობს. შავთეთრი მაისური მიჩნეულია აგრესიულად და ძლიერად.
იუვენტუსის ემბლემამ რამდენიმე მოდიფიკაცია განიცადა. უკანასკნელად ეს 2004-05 სეზონის წინ მოხდა.
შემადგენლობა [რედაქტირება]
2010 წლის 1 სექტემბრისათვის.ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი
2 მცველი მარკო მოტა
3 მცველი ჯორჯო კიელინი
4 ნახევარმცველი ფელიპე მელო
5 ნახევარმცველი მოჰამედ სისოკო
6 მცველი ფაბიო გროსო
7 ნახევარმცველი ჰასან სალიჰამიჯიჩი
8 ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო
9 თავდამსხმელი ვინჩენცო იაკინტა
10 თავდამსხმელი ალესანდრო დელ პიერო
13 მეკარე ალექს მანინგერი
15 მცველი ანდრეა ბარძალი
ნომერი პოზიცია მოთამაშე
18 თავდამსხმელი ფაბიო კუალიარელა
19 მცველი ლეონარდო ბონუჩი
20 თავდამსხმელი ლუკა ტონი
21 მცველი ზდენეკ გრიგერა
23 ნახევარმცველი სომონე პეპე
25 ნახევარმცველი ხორხე მარტინესი
26 მცველი ლეანდრო რინაუდო
27 თავდამსხმელი მილოშ კრასიჩი
29 მცველი პაოლო დე ჩელიე
30 მეკარე მარკო სტორარი
31 მეკარე მარკო კონსტანტინო
32 თავდამსხმელი ალესსანდრო მატრი
43 მცველი ფრედერიკ სორენსენი
ტიტულები [რედაქტირება]
იტალიის ჩემპიონი: 27
1905; 1925–26; 1930–31; 1931–32; 1932–33; 1933–34; 1934–35; 1949–50; 1951–52; 1957–58; 1959–60; 1960–61; 1966–67; 1971–72; 1972–73; 1974–75; 1976–77; 1977–78; 1980–81; 1981–82; 1983–84; 1985–86; 1994–95; 1996–97; 1997–98; 2001–02; 2002–03
იტალიის თასი: 9
1937–38; 1941–42; 1958–59; 1959–60; 1964–65; 1978–79; 1982–83; 1989–90; 1994–95
იტალიის სუპერ თასი: 4
1995; 1997; 2002; 2003
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული: 2
1984–85; 1995–96
უეფას თასი: 3
1976–77; 1989–90; 1992–93
თასების თასი: 1
1983–84
უეფას სუპერ თასი 2
1984; 1996
ინტერტოტოს თასი: 1
1999
საკონტინენტთაშორისო თასი: 2
1985; 1996